logo
ENG



კონგრესმენების წერილი პომპეოს - რუსი ოლიგარქის ივანიშვილის მოსვლის შემდეგ პროგრესი შეჩერდა

29 ივლ 202023:06
3 წუთის საკითხავი
clock 3492
22tewuqzukzio0e.jpg

 

6 კონგრესმენი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატიდან აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს წერილს წერს, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი "რუს ოლიგარქად" არის მოხსენიებული. 

კონგრესმენები სახელმწიფო მდივანს წერენ, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით, მიზანმიმართულად აძევებს ამერიკულ ბიზნესებს საქართველოს კერძო სექტორიდან და ადგილს რუსულ, ჩინურ და ირანულ კომპანიებს უთმობს. 

კონგრესმენები წერილში დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების მიმართულებით გაუარესებულ მდგომარეობაზე საუბრობენ და სახელმწიფო მდივანს შემხვედრი ნაბიჯების გადადგმაზე შეთანხმებას სთავაზობენ, რათა საქართველოს ანგარიშვალდებულების საკითხი დადგეს. 

„ჩვენ გწერთ, რათა კიდევ ერთხელ გამოვხატოთ შეშფოთება საქართველოში დემოკრატიული მმართველობის გაუარესებისა და სავარაუდო კორუფციის გამო", - წერენ კონგრესმენები პომპეოს. 

წერილში კონგრესმენები აღნიშნავენ, რომ საქართველომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ არაერთი მნიშვნელოვანი ნახტომი გააკეთა ეკონომიკის გარდაქმნის, გეოპოლიტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის, და ბაზარზე ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით, თუმცა, მათი თქმით, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ ამ მიმართულებებით პროგრესი შეჩერდა. 

„2012 წელს რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილისა და მისი პარტია ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქვეყანაში ამ მიმართულებებით პროგრესი შეჩერდა. თქვენს კოლეგებთან, შერილ ფერნანდესთან და აარონ რუპერტთან საუბრის შემდეგ ჩვენ დავრწმუნდით, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი აკეთებს ყველაფერს, რათა დააკვირდეს კერძო სექტორში საინვესტიციო გარემოს გაუარესებას, განსაკუთრებით ამერიკული კომპანიებისთვის, ისევე როგორც, საქართველოს ხელისუფლების ერთგულებას დემოკრატიული რეფორმების გაგრძელებისა და ნატოს მოკავშირეობის მიმართ. 

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, განსაკუთრებით პრემიერ გახარიასთან შემდგომი შეხვედრების დროს გთხოვთ, ჩვენი საწუხარი გაითვალისწინოთ: 

1) ქართული ოცნების ხელისუფლება რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის მიერაა მართული, რომელიც ცდილობს იმ ამერიკული ბიზნესების გაძევებას, რომლებსაც ათეულობით წელია პოზიტიური წვლილი შეაქვთ საქართველოსა და ამერიკის ეკონომიკაში. ეს ყველაფერი კერძო სექტორში რუსული, ჩინური და ირანული ინვესტიციების გაზრდის სასარგებლოდ ხდება. 

2) საქართველოში შავი ზღვის პორტის მიმართ მიმდინარე ქმედებები აზიანებს ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სასიცოცხლო ინტერესებს, მათ შორის: 

ა) შავი ზღვის პორტის ინსვესტიციებიდან/მფლობელობიდან ამერიკული კომპანიების მიზანმიმართული გამოძევება, რომელთა მიზანიც საქართველოს გათავისუფლება იყო ჩინეთისა და რუსეთის გავლენებისგან. 

ბ) ირანისა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ამერიკული სანქციების აღსრულების ნაკლოვანება, განსაკუთრებით საპორტო საქმისა და კერძო სექტორში სხვა ინვესტიციებთან მიმართებით. 

3) ის ფაქტი, რომ საქართველოს პარლამენტს ჯერ კიდევ არ მიუღია აუცილებელი საარჩევნო რეფორმა, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ 2020 წლის მოახლოებული არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყოს. 

ვაფასებთ თქვენს ყურადღებას ამ დროული საკითხის მიმართ და გთხოვთ თქვენ და თქვენს გუნდს, განიხილოთ ჩვენთან ერთად, თუ რა ქმედებები გადაიდგმება ჩვენი ურთიერთობის განსამტკიცებლად და საქართველოს ანგარიშვალდებულების საკითხის დასაყენებლად". 

წერილს ხელს აწერენ კონგრესმენები: ჯოდი არინგტონი, მარკვეინ მულინი, ბილ ფლორსი, უილ ჰარდი, ბრაიან ბაბინი და რენდი ვებერი. 

 

 


close დახურვა