logo
ENG



კორონავირუსი - საზღვარგარეთ სამუშაო მივლინებები და სასწავლო ვიზიტები დროებით იზღუდება

09 მარ 202013:56
3 წუთის საკითხავი
 
mkbpb6c93rjqd5g.png

საზღვარგარეთ სამუშაო მივლინებები და სასწავლო ვიზიტები დროებით იზღუდება. აღნიშნული რეკომენდაცია ეხება სასწავლო ვიზიტებსაც, რის შესახებ საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფორმირებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უზრუნველყოფს. გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მორიგ სხდომაზე მიიღო. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც განცხადებიდან ირკვევა, სხდომაზე აღინიშნა, რომ ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა ძირითადად დამაკმაყოფილებელია, ამასთან შედარებით გართულებული შემთხვევაც სტაბილურად მიმდინარეობს. პაციენტებს შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ. ამ ეტაპზე კი კარანტინში რჩება 141 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება - 51 პირი.

გარდა ამისა, დღეს საბჭოს წევრებმა ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში სხვა გადაწყვეტილებებიც მიიღეს:

"საგარეო უწყებამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების თაობაზე. იტალიაში საქართველოს საელჩოში 24-საათიან რეჟიმში მოქმედებს ოთხი ცხელი ხაზი. ცხელ ხაზს დაუკავშირდნენ საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც უახლოესი ორი კვირის მანძილზე შეძენილი ჰქონდათ იტალიიდან საქართველოში დასაბრუნებელი ავიაბილეთები. მათი რეგისტრაცია პრაქტიკულად დასრულებულია. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა უზრუნველყოფს იტალიის სხვადასხვა ქალაქში მყოფი ცხელ ხაზსა და საელჩოს მიერ მითითებულ ონლაინ პლატფორმაზე დარეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეების ტრანსპორტირებას რომში, საიდანაც საქართველოში მათი ორგანიზებულად დაბრუნება განხორციელდება.

"ამასთან, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს, რომლებსაც ჯანდაცვის უწყების მიერ მიცემული აქვთ მითითება თვითიზოლაციაში საკარანტინო პერიოდის გატარების თაობაზე, კიდევ ერთხელ მკაცრად მოუწოდებს, რომ გამოიჩინონ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად, დაიცვან თვითიზოლაციის წესები, რათა არ შეუქმნან პოტენციური საფრთხე ოჯახის წევრებსა და მთლიანად საზოგადოებას“, - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა