logo
ENG



კორძაია: გაერთიანებას არ ვგეგმავ არც ერთ ფრაქციაში

08 ივნ 202112:05
3 წუთის საკითხავი
 
კორძაია: გაერთიანებას არ ვგეგმავ არც ერთ ფრაქციაში
ვახო ქარელი/ფორმულა

თამარ კორძაია ამბობს, რომ პარლამენტში მუშაობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს და არ გეგმავს რომელიმე ფრაქციაში გაერთიანებას.  

მისი თქმით, ეს სტატუსი საკმარისად მაღალია იმისთვის, რომ პრობლემებზე ისაუბროს. 

"მეათე მოწვევის პარლამენტში მომიწია დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით შემოსვლა. ვფიქრობ, რომ პარლამენტის წევრის სტატუსი საკმარისად მაღალია იმისათვის, რომ რა საქმიანობის განხორციელებაც გინდა, ამაზე ამოიღო ხმა და ისაუბრო. ამიტომ, ამ ეტაპზე არც არავისთან და არც ერთ ფრაქციაში გაერთიანებას არ ვგეგმავ". - თქვა მან. 

კორძაიასვე თქმით, ის პარლამენტში მუშაობის დროს აქცენტს ადამიანის უფლებებზე გააკეთებს. 

"რაც შეეხება სამუშაო ხედვებს, ვფიქრობ, რომ მერვე მოწვევის პარლამენტში ჩემი ხმა ისმოდა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, ეს უფრო ძლიერი იქნება მეათე მოწვევის პარლამენტში, იმიტომ, რომ ვითარება კიდევ უფრო მძიმეა და დღეს საქართველოში ადამიანებს წაერთვათ უფლება დემოკრატიაზე”, – თქვა თამარ კორძაიამ. 

თამარ კორძაიამ რესპუბლიკური პარტია 4 ივნისს დატოვა. მანამდე მან ხელი მოაწერა შარლ მიშელის შემოთავაზებულ დოკუმენტს. 

დღეს, 8 ივნისს პარლამენტში შევა ნაციონალური მოძრაობაც, რომელიც შეთანხმებას ხელს არ აწერს, ვინაიდან, მათი განმარტებით, ჩანაწერი 2019 წლოს 20 ივნისის  ამნისტიის შესახებ მათთვის მიუღებელია. 

3 ივნისს, პარლამენტში მეორე ოპოზიციური  ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი" შეიქმნა.

ფრაქციაში შვიდი დეპუტატია, მათ შორის ერთ-ერთი რესპუბლიკური პარტიის წევრი, ხათუნა სამნიძე.


close დახურვა