პარტია „გამარჯვებული საქართველოს" ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის ახალ ბრალდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს იმსჯელებენ. ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს პროკურატურა ბუტა რობაქიძის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის 15 წლის შემდეგ ედავება. ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად, საქმეში ბრალდებული ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილია.
ოქრუაშვილის თანაპარტიელები საქმის პოლიტიკურ მოტივზე მიუთითებენ. პარტია „გამარჯვებული საქართველოს" წევრის კოტე კემულარიას განცხადებით, ოქრუაშვილს ადვოკატი არ ჰყავს, რითაც მისი დაცვის უფლება ირღვევა.
„გაუჭრდათ 20 ივნისის საქმეზე მტკიცებულებების მოპოვება. ახლა ცდილობენ გამოგონილი ბრალდებით ციხეში შეინარჩუნონ და ესეც გაუსკდებათ საპნის ბუშტივით და ჩამოექცევათ თავზე. თუ მოსამართლე სახაზინო ადვოკატის გარეშეც კი წარუდგენს ოქრუაშვილს ბრალს, რადგან ის პროტესტის ნიშნად არ ცხადდება სხდომაზე, ეს იქნება დიდი დარღვევა," - აცხადებს კემულარია.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი ამ დროისთვის 20 ივნისის საქმეზეა დაკავებული. ის სასამართლო პროცესებს პროტესტის ნიშნად არ ესწრება.