logo
ENG



კრამონი: სააკაშვილის სურვილი, ჩავიდეს საქართველოში, ქვეყნის ინტერესებს არ ემსახურება

29 სექ 202114:48
3 წუთის საკითხავი
 
2021/09/29/qb2syiltlowrme5.png

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ამბობს, რომ პატივს სცემს მიხეილ სააკაშვილის სურვილს, ჩავიდეს თავის ქვეყანაში, თუმცა ახლა ეს საქართველოს ინტერესებს არ ემსახურება.

"საქართველოში უმნიშვნელოვანეს არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, დაპირისპირება და ძალადობა უკიდურეს საშიშ დონეს აღწევს. ამ ვითარებაში, არცერთმა პოლიტიკოსმა, რომელიც ქვეყნის ინტერესებს გულწრფელად აყენებს ყველაფერზე მაღლა არ უნდა შეუწყოს ხელი უფრო მეტ პოლარიზაციას. საქართველოს და მის ხალხს სიტუაციის ესკალაცია არ წაადგება.

ასეთ პოლიტიკურ გარემოში, ბატონი სააკაშვილის განზრახვა დაბრუნდეს საქართველოში არჩევნების დღეს არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს. მიუხედავად იმისა, რომ მე სრულად მესმის ბატონი სააკაშვილის სურვილი იმყოფებოდეს მის სამშობლოში, ამგვარი ნაბიჯი, ამ დროისთვის, კიდევ უფრო გააღრმავებს კრიზისს, შექმნის არასაჭირო დაძაბულობას და დააზიანებს როგორც არამდგრად პოლიტიკურ პროცესებს ასევე ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს. ამ უკანასკნელმა ბოლო დროს უკვე განიცადა სერიოზული დარტყმა „ქართული ოცნების“ მავნე გადაწყვეტილებების შედეგად" - ნათქვამია ვიოლა ფონ კრამონის განცხადებაში.

ევროპარლამენტარის განცხადებითვე, ევროკავშირს არ აქვს რესურსი და სურვილი, რომ შუამავლად ჩაერთოს პოლიტიკურ კრიზისში, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის შემთხვევაში შეიქმნება.

"ევროკავშირს არ გააჩნია არც რესურსი და არც სურვილი იშუამავლოს კიდევ ერთ არასაჭირო პოლიტიკურ კრიზისში, რომელიც აუცილებლად შეიქმნება ბატონი სააკაშვილის დაბრუნების შემთხვევაში. მე და ჩემმა კოლეგებმა ყოველივე ეს მკაფიოდ განვუმარტეთ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბოლოდროინდელი შეხვედრების დროს. ამ პოზიციას ასევე ფართოდ იზიარებენ ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებიც.

ჩვენ, საქართველოს საერთაშორისო მეგობრები, ვრჩებით ქართველი ხალხის ერთგულნი, რომელიც იმსახურებ პასუხისმგებლიან პოლიტიკოსებს და მათი ქვეყნის ინტერესების დაცვას." - ამბობს ვიოლა ფონ კრამონი

ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში 2 ოქტომბერს ჩამოსვლის შესახებ განაცხადა და კიევი-თბილისის რეისზე ბილეთიც გამოაქვეყნა. 

მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ სააკაშვილის ჩამოსვლის შემთხვევაში კანონის შესაბამისად მოიქცევიან. 


close დახურვა