კრემლი ადასტურებს, რომ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში მონაწილეობდა. მედია კრემლის სპიკერზე დმიტრი პესკოვზე დაყრდნობით აცხადებს, რომ აბრამოვიჩი პოტენციურ სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობდა.
CNN-ის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარში კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ აბრამოვიში მოლაპარაკებებში საწყის ეტაპზე იყო ჩართული.
„აბრამოვიჩმა საწყის ეტაპზე მიიღო მონაწილეობა მოლაპარაკებებში, ეს სიმართლეა. ახლა მოლაპარაკებები 2 მომლაპარაკებელ ჯგუფს შორის - რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარეობს“ - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
აღსანიშნავია, რომ პესკოვმა ეს The Wall Street Journal-ში გამოქვეყნებული სტატიის შესახებ კითხვაზე პასუხად აღნიშნა. სტატიაში საუბარი იყო, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ, ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდებით, აბრამოვიჩის სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობის გამო სანქციები არ დაუწესა.
გამოცემა Financial Times კი 2 წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავად აღნიშნა აბრამოვიჩის პოტენციური როლი მოლაპარაკებებში.
ამ დროისთვის უცნობია, აბრამოვიჩი უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში რა როლი აქვს.