logo
ENG



კულტურის სამინისტრო: ლიტერასთან მხოლოდ ის შეხება გვაქვს, რომ ჟიურიში წარმომადგენელი გვყავს

30 ივლ 202116:10
3 წუთის საკითხავი
 
კულტურის სამინისტრო: ლიტერასთან მხოლოდ ის შეხება გვაქვს, რომ ჟიურიში წარმომადგენელი გვყავს

კულტურის სამინისტრო ამბობს, რომ ლიტერატურული კონკურსი ლიტერას ჩატარება მათი უფლებამოსილება არაა და მასზე პასუხისმგებელი სრულად მწერალთა სახლია. 

უწყების განცხადებით, "ამ კონკურსთან მხოლოდ ის შეხება აქვთ, რომ ხუთკაციან საკონკურსო კომისიაში ერთი სამინისტროს წარმომადგენელია".

"კონკურსის ჩატარება არ არის სამინისტროს უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა. ეს სრულად მწერალთა სახლის პასუხისმგებლობაა.კონკურსს ,,ლიტერა" სრულად აორგანიზებს და ატარებს მწერალთა სახლი. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო კონკურსში არანაირად არ ერევა და ამ კონკურსთან მხოლოდ ის შეხება აქვს, რომ ხუთკაციან საკონკურსო კომისიაში ერთი არის სამინისტროს წარმომადგენელი. სხვა წარმომადგენლებს დამოუკიდებლად ასახელებს მწერალთა სახლი.

გარდა ამისა, სამინისტროს მიერ მწერალთა სახლისთვის სრულად გადარიცხულია 50 000 ლარი, რაც კონკურსის ჩასატარებელი თანხაა და ამ თანხას მწერალთა სახლი ასევე დამოუკიდებლად განკარგავს", - ამბობენ სამინისტროში. 

ლიტერას პრემია 2015 წლიდან არსებობს. ცნობილი გახდა, რომ წელს პირველად ლიტერატურული პრემია ლიტერას ჟიურის 5 წევრიდან 4 წევრი მწერალთა სახლმა შეარჩია, ხოლო ერთი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ. 

ლიტერატურული პრემია ლიტერა ჟიურის 4-მა წევრმა და კონკურსანტების ნაწილმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. 

ჟიურიში მხოლოდ სამინისტროს მიერ დანიშნული წარმომადგენელი დარჩა.

29 ივლისს, ლიტერას კონკურსანტებმა კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს მიმართეს, რომ სამინისტროს მიერ დანიშნული წევრი გაიწვიონ.


close დახურვა