logo
ENG



ლანა გალდავა: ხელისუფლებას აქვს ოკუპანტის მიმართ მავნებლური პოლიტიკა

30 მაი 202014:26
3 წუთის საკითხავი
 

ოკუპანტები მისატაცებლად ახალ ტერიტორიებს ამზადებენ. ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებმა ჩორჩანა-პერევის მახლობლად ტყის მასივებში ოკუპანტების მიერ დამონტაჟებული ახალი ნიშნულები აღმოაჩინეს. პატრულირების დროს აღმოჩენილი ნიშნულები ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, საოკუპაციო ზოლიდან 150 მეტის დაშორებითაა გავლებული.  

მომხდართან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებიათ მმართველ პარტიაში.

რაც შეეხება ოპოზიციას, არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიციის წევრები ხელისუფლებას დროული რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის თქმით, ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოება არა მხოლოდ მედიისგან, არამედ ხელისუფლებისგანაც უნდა იგებდეს. ასევე კაპანაძის თქმით, ხელისუფლების მხრიდან საჭიროა უფრო მკაცრი შეფასებები.

„არავის ილუზია არ უნდა ჰქონდეს, რომ რუსეთისგან რაიმე კარგი არის მოსალოდნელი, ასეთი მძიმე პირობების დროსაც. აქ ერთადერთი გამოსავალი არის, რომ საერთაშორისო ყურადღება იყოს მაქსმალურად მობილიზებული. ამაზე ჩვენ უნდა ვიგებდეთ არა მხოლოდ მედიიდან, არამედ ხელსუფლების მხრიდან უნდა კეთდებოდეს მკაცრი შეფასებები, ხდებოდეს ჩვენი პარტნიორების მობილიზება, იმისთვის, რომ პოლიტიკური ფასი რუსეთმა მსგავსი ინციდენტების დროს გადაიხადოს, რაც შეიძლება მეტი“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ მიუხედავად ოკუპაციისა, ხელისუფლება რუსეთთან ჩვეულ ურთიერთობას განაგრძობს. სალომე სამადაშვილის თქმით, იმისთვის, რომ რუსეთმა თავის თავზე აღებული საერთაშორისო ვალდებულება შეასრულოს, მასზე წნეხის გაზრდა აუცილებელია.

„საქართველის ხელისუფლება, მიუხედავად ყველაფრისა, აგრძელებს ურთიერთობას ჩვეულებრივ რეჟიმში. სანამ ჩვენ არ შევძლებთ, რომ გაიზარდოს რუსეთზე, მათ შორის საერთაშორისო წნეხი, იმისთვის რომ შესრულდეს მათ მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულება, ვფიქრობ რომ ძალიან გაგვიჭირდება ამ პროცესის შეჩერება“,- აცხადებს სალომე სამადაშვილი.

„პირდაპირ ვაცხადებ რომ ხელისუფლებას აქვს ოკუპანტი ქვეყნის მიმართ მავნებლური პოლიტიკა“, - ასე აფასებს პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი წევრი მიმდინარე პროცესებს. ლანა გალდავას თქმით, ბოლო პერიოდში ყველა საერთაშორისო დონის შეხვედრებიდან საქართველოში ოკუპაციის საკითხი მოხსნილია.

„ჩვენ ვხედავთ, რომ 8 წლის განმავლობაში ყველა საერთაშორისო დონის შეხვედრებიდან მოხსნილი არის საქართველოს საკითხი, მოხსნილი არის ოკუპაციის საკითხი. არ ყოფნის ამას მხოლოდ ნარატივი, რომ ჩვენ ვართ ოკუპირებული ქვეყანა. საჭირო არის სტრატეგიული ხედვა ამ მიმართულებით. პირდაპირ ვაცხადებ, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს ოკუპანტი ქვეყნის მიმართ მავნებლური პოლიტიკა. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა და არაფერი ხდება დეოკუპაციის მიმართულებით“, - განაცხადა ლანა გალდავამ.

ოკუპანტების მიერ დამონტაჟებულ ახალ ნიშნულებთან დაკავშირებით, „ფორმულა“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა. მომხდარზე სუს-ში ინფორმაციას ამ დრომდე არ ავრცელებენ. თემაზე განცხადებები არც შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხრიდან გაკეთებულა.


close დახურვა