„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას რეგლამენტში ისეთი ცვლილებების შეტანა სურს, რომლითაც საუბნო-საარჩევნო კომისიების წევრები აღარ იქნებიან ვალდებულნი, დაესწრონ კომისიის სხდომებს და მის საქმიანობაში მიიღონ მონაწილეობა.
ამასთან, ბეჟაშვილის თქმით, საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ეძლევა უფლება, ფუნქციები კომისიის მდივნის, რომელიც არის კოლეგიალური ორგანოს მიერ არჩეული, გადააბაროს ტექნიკურ პერსონალს ან კომისიის წევრს, რომელიც ასევე უმრავლესობიდან იქნება დანიშნული.
„მოახლოვდა არჩევნები და ცესკო-მ დაიწყო თავისი ბნელი საქმეების კეთება და ოცნებისთვის კოჭების გაგორება. დღეს ცესკო-ს განზრახული აქვს რეგლამენტში ცვლილებების შეტანა, და პრაქტიკულად თუ საუბნო-საარჩევნო კომისიების წევრებს ჰქონდათ ვალდებულება, დასწრებოდნენ კომისიის სხდომებს და კომისიის საქმიანობაში მიეღოთ მონაწილეობა, ეს უფლებამოსილება მოეხსნებათ. პრაქტიკულად შეუძლიათ, საუბნო კომისიის წევრებმა თავისუფლად იმოქმედონ არჩევნების პერიოდში.
ყველაფერი ეს ხდება ფარულად, არც პოლიტიკურმა პარტიებმა, არც სადამკვირვებლოებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა ამის შესახებ არაფერი არ იცოდნენ, ფარულად ხდებოდა ამის მიღება.
მოვითხოვთ ამ პროექტის განხილვის გადადებას, ყველა პოლიტიკურ პარტიასა და არასამთავრობო ორგანიზაციასთან ამ დებულების შეთანხმებას და შემდეგ მიღებას,“ - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.