logo
ENG



ლევან ხაბეიშვილს პროკურატურამ ბრალი ძალადობის მუხლით წარუდგინა

31 იან 202016:42
3 წუთის საკითხავი
 

 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ლევან ხაბეიშვილს პროკურატურამ ბრალი ძალადობის მუხლით წარუდგინა. პროკურატურა ხაბეიშვილს ზარქუას მიმართ ძალადობას ედავება. ძალადობა აღნიშნულს პოლიტიკურ დევნას უკავშირებს და აცხადებს, რომ ზარქუას მას შემდეგ დააწერინეს განცხადება, რაც ხაბეიშვილის ექსპერტიზის პასუხი ცნობილი გახდა.

„ვულოცავ კახი კალაძეს, შედეგს მაინც მიაღწია, გამოძიება ამბობს, რომ მე და ზარქუას ერთნაირი დაზიანებები გვქონია. ცირკს უფრო ჰგავს, საზოგადოებამ თავად განსაჯოს რამდენად ნორმალური და სამართლიანია ის პროცესი რაშიც ვართ. დაგეგმეს პროვოკაცია, დაგეგმეს ჯგუფური ძალადობა, დაგეგმეს ლაჩრულად თავდასხმა და ახლა ამბობენ რომ ხაბეიშვილი დაგვესხა თავსო. ზარქუას დაავალეს, მას შემდეგ რაც ექსპერტიზა დაიდო და მიხვდნენ, რომ პრობლემა ჰქონდათ მოარბენინეს აქ და დააწერინეს, რომ ხაბეიშვილმა მცემაო. ვივარაუდე რომ ამის გამკეთებლები იყვნენ, მითუმეტეს, რომ ამ თავდასხმის ორგანიზებაში მონაწილეობას იღებდა კალაძე, გომელაური და ძალოვანი უწყებები“,-განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ლევან ხაბეიშვილის ადვოკატის განცხადებით, ხაბეიშვილის ცემის საქმე ხელისუფლებამ მისი აქტიური პოლიტიკიდან ჩამოსაშორებლად გამოიყენა. მისივე განცხადებით, ხელისუფლება ხაბეიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ დევნას იყენებს.

„მინდა განგიცხადოთ ჩემი განცვიფრება იმ საქმესთან დაკავშირებით რაც ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელდა. ეს არის კლასიკური მაგალითი თუ როგორ იყენებს სისხლის სამართლებრივ დევნას ხელისუფლებს პოლიტიკური ოპონენტების ჩამოსაშორებლად აქტიური პოლიტიკიდან. მიიღეს პოლიტიკური გადაწყვეტილება დაუკვეთეს ირაკლი ზარქუას და რამოდენიმე დღის შემდეგ მიიყვანეს ექსპერტიზაზე პოლიციაში და იქ უკვე დააფიქსირა, რომ თითქოსდა მას სცემა ლევანმა, აქვს ტკივილები და აქვს დაზიანებები. ეს საქმე გამოიყენეს ლევანის წინააღმდეგ, მისი აქტიური პოლიტიკიდან ჩამოსაშორებლად,“ - განაცხადა გიორგი კონდახაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ლევან ხაბეიშვილს 24 იანვარს ბიუროს სხდომის დროს საკრებულოში სცემეს. კადრებში ჩანს, რომ ხაბეიშვილს „ქართული ოცნების“ რამდენიმე დეპუტატი თავს დაესხა. თავად ხაბეიშვილი მიიჩნევს, რომ ეს ინციდენტი წინასწარ დაგეგმილი იყო.

ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობის მუხლით დაიწყო. ხაბეიშვილი საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვს და მოითხოვს, რომ გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწყოს.

 


close დახურვა