ამ წუთებში მამუკა ხაზარაძე საზოგადოებას მოძრაობა "ლელოს" ახალ წევრებს აცნობს. მოძრაობა "ლელო", პარტია "ახალი მემარჯვენეები" და "შენების მოძრაობა" საერთო კონსულტაცია-კოორდინაციას იწყებენ და გარდა პროპორციული საარჩევნო სისტემისა, სხვა საკითხებზე მსჯელობასაც ერთად აპირებენ.
როგორც "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთმა ლიდერმა ფიქრია ჩიხლაძემ განაცხადა პარტიების ამგვარი გაერთიანება ქვეყანაში არსებულმა მძიმე კრიზისულმა ვითარებამ განაპირობა. მისივე თქმით, მხარეები იმსჯელებენ ყველა იმ აქტუალურ თემაზე, რაც ქვეყანას არსებული ჩიხიდან გამოსვლაში დაეხმარება.
"მოლოდინი დიდია და დღეს შევიკრიბეთ საზოგადოების უდიდესი მოლოდინის გამო. ჩვენი ერთობლივი პოზიციას მიხედვით, ქვეყანაში მძიმე კრიზისული სიტუაციაა. "ქართული ოცნების" უპატიებელი დანაშაული იყო პროპორციული არჩევნების ჩაგდება. ხელისუფლებამ იგი პოლიტიკური დაპირისპირებისა და შუღლის იარაღად გადააქცია. მას არ აწყობს არანაირი არჩევნები. მმართველი ძალა ცდილობს მიაღწიოს ძალადობრივ ქმედებებს და ამ გზით ჩაატაროს არჩევნები. რაც ისედაც გაღატაკებული ქვეყნის პერსპექტივას გვიქადის. ქართულ საზოგადოებას კი დასაქმება, განვითარება, სიმშვიდე სჭირდება, რაც მმართველი პარტიის გეგმებში არ შედის. სწორედ ამიტომ შევიკრიბეთ დღეს ჩვენ აქ. შექმნილი მდგომარეობა და უმძიმესი კრიზისია ის გამოწვევა, რომელზეც პასუხისმგებლობა პოლიტიკურმა ძალამ და ქვეყნის მოყვარულმა ადამიანმა უნდა აიღოს. ჩვენ ვიბრძოლებთ პროპორციული არჩევნების მოპოვებისთვის. ასევე ვიწყებთ მჭიდრო კონსულტაციებს ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად. ეს იქნება თანასწორუფლებიან პარტნიორების მიერ პარიტეტულ საწყისებზე შექმნილი პლატფორმა, რომელიც დაამარცხეს ორ პოლუსიან სისტემას. მოგიწოდებთ ყველას დავიწყოთ დიალოგი ამ იდეის ირგვლივ. საქართველო უნდა ვაქციოთ ძლიერ სახელმწიფოდ",- აღნიშნა ჩიხლაძემ.
"შენების მოძრაობის" ლიდერი დავით უსუფაშვილის განმარტებით პარტიები იარსებებენ დამოუკიდებლად, თუმცა მათი წევრები განაგრძობენ საერთო მუშაობას, რათა არსებული პრობლემები მოგვარდეს. უსუფაშვილმა მიმართა ყველა მოქალაქეს, ვისაც განსხვავებულ რეალობაში სურს ცხოვრება, მათთან ერთად დადგნენ. მისივე განმარტებით, განსხვავებულ რეალობაში იგულისხმება "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობისგან" თავისუფალი ქვეყანა.