დღეს სტრასბურგში რუსეთის დელეგაციის ხმის მიცემის უფლების კანონიერებაზე მწვავე დებატები იგეგმება. ინიციატივა ორი დღის წინ პლენარულ სხდომაზე საქართველოს, უკრაინისა და ბალტიის ქვეყნების დელეგაციებმა დააყენეს. დეპუტატები აცხადებენ, რომ რუსეთზე პოლიტიკური ზეწოლა უნდა გაგრძელდეს, რადგან ეს ქვეყანა არ ასრულებს საერთაშორისო ვალდებულებებს და საერთაშორისო სამართლის პრინციპებს არღვევს.
თავად რუსეთის დელეგაცია კი დარწმუნებულია, რომ უკრაინასთან ურთიერთობები ლაგდება და იმავე პროცესის დაწყება საქართველოშიც დროული იქნება.
„ცხელ წერტილებშიც კი, მათ შორის უკრაინაში პროგრესი შეინიშნება. გავცვალეთ მეზღვაურები, შევთანხმდით გაზზე. ეს სწორედ ის საკითხებია, რომლებიც სახელმწიფო მეთაურებს შორის დიალოგით მოგვარდა. ამიტომ საქართველოს შემთხვევაში დიალოგი უფრო აუცილებელია. აქ ვრჩებით, მოგწონთ თუ არა და საქმე არც ფულშია. თითოეული წევრი ქვეყნისთვის დამატებითი ვალდებულებაა, გეოგრაფიული სიდიდის მიხედვით შეიტანოს საწევრო“, - განაცხადა ევროსაბჭოში რუსეთის დელეგაციის წარმომადგენელმა ლეონიდ კალაშნიკოვმა "ფორმულასთან" საუბარში.