ისრაელის არმიის ინფორმაციით, ლიბანში ჰეზბოლას ობიექტებზე საჰაერო დარტყმები განახორციელა. ლიბანის ხელისუფლების ინფორმაციით, შედეგად 492 ადამიანი დაიღუპა.
ისრაელმა გააფრთხილა ლიბანის მოსახლეობა, დაეცალა რაიონები, სადაც, მათი თქმით, ჰეზბოლა იარაღს ინახავდა. პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ლიბანელი ხალხისთვის ვიდეომიმართვაც გაავრცელა.
"ისრაელი ომს აწარმოებს არა თქვენთან, არამედ ჰეზბოლასთან. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ჰეზბოლა ცოცხალ ფარად გიყენებდათ", - განაცხადა მან.
მოსახლეობა სამხრეთ ლიბანის დატოვებას სასწრაფოდ ცდილობდა, რის გამოც ჩრდილოეთისკენ გზები გადაჭედილი იყო. ათასობით ადამიანმა საცხოვრებელი სახლები დატოვა.
ღაზას სექტორში ჰამასის წინააღმდეგ დაწყებული ომის თითქმის ერთი წლის თავზე, ისრაელმა თავისი ყურადღება ჩრდილოეთით, ლიბანზე გადაიტანა, საიდანაც ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰეზბოლა ისრაელის მიმართულებით რაკეტებს ისვრის.
ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ჰეზბოლას დარტყმა მიაყენა ლიბანის სამხრეთით, აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით, მათ შორის "გამშვებს, სამეთაურო პუნქტებსა და ტერორისტულ ინფრასტრუქტურაზე". სამხრეთ ლიბანსა და ბექაას ხეობაში ისრაელმა ჰეზბოლას 1600 სამიზნეს დაარტყა.
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა სულ მცირე 492 ადამიანი, მათ შორის 35 ბავშვი, დაჭრილია 1645 ადამიანი. ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ერთ-ერთმა ლიბანელმა ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ 1975-1990 წლების სამოქალაქო ომის შემდეგ ეს ქვეყანაში ძალადობის შედეგად დაღუპულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ლიბანში საჰაერო დარტყმებს საერთაშორისო გამოხმაურებები მოყვა. საუდის არაბეთმა ღრმა შეშფოთება გამოთქვა და ყველა მხარეს თავშეკავების გამოჩენისკენ მოუწოდა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები არ უჭერს მხარს ისრაელსა და ჰეზბოლას შორის საზღვრისპირა ესკალაციას და ვაშინგტონი გეგმავს, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან "კონკრეტული გეგმა" განიხილოს, რათა ომის გაფართოება თავიდან აიცილონ.