logo
ENG



ლიზა იასკო მიხეილ სააკაშვილთან შეუშვეს

12 ნოე 202114:57
3 წუთის საკითხავი
 
2021/11/12/m1454iiqb598nq5.jpg

ოთხდღიანი მცდელობის შემდეგ უკრაინის რადას დეპუტატი, ლიზა იასკო ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან შეუშვეს. 

იასკო ამ ხნის განმავლობაში სააკაშვილთან გლდანის სამედიცინო დაწესებულებაში შეშვებას ითხოვდა, თუმცა უშედეგოდ. 

მიხეილ სააკაშვილი უკვე 43-ე დღეა, დაპატიმრებულია და შიმშილობს. 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საქმეს პრიორიტეტი მიანიჭა და 10 ნოემბერს გამოსცა დროებითი ზომა, რომლის მიხედვითაც, ერთი მხრივ, ექს-პრეზიდენტს მოუწოდა, შეწყვიტოს შიმშილობა, ხელისუფლებას კი მოუწოდა, უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება ციხეში და მისთვის სათანადო სამედიცინო მკურნალობის მიწოდება პოსტ-შიმშილობის რეაბილიტაციის პერიოდში.

11 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ დაემორჩილება ECHR-ის გადაწყვეტილებას და შეწყვეტს შიმშილობას, თუ ასევე მოიქცევა ხელისუფლებაც და მას სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანენ, ხოლო მის ჯანმრთელობაზე ექიმების კონსილიუმი იზრუნებს. 

მიხეილ სააკაშვილის საკითხზე უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ესაუბრა. 

ზელენსკიმ უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის უფლებების უზრუნველყოფის საკითხი დასვა და ხაზი გაუსვა, რომ ისინი სრულად უნდა იყოს გარანტირებული საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.

ამავე დროს, ღარიბაშვილმა უკრაინის პრეზიდენტს უარი უთხრა თხოვნაზე, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკრაინელმა ექიმებმა შეამოწმონ.


close დახურვა