logo
ENG



ლომჯარია: პრეზიდენტი თანხმობის პროცესს არ იწყებს წინასწარ განსაზღვრული განწყობებით

22 დეკ 202116:51
3 წუთის საკითხავი
 

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. 

მათ ეროვნული თანხმობის შესახებ ილაპარაკეს. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ ლომჯარიამ თქვა, რომ პრეზიდენტი არ იწყებს ამ პროცესს წინასწარ განსაზღვრული განწყობებით, ხედვით ან მოსაზრებით კონკრეტული საკითხების მიმართ. 

"მას სურს, მოუსმინოს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს, ფართო ფენებს და მათგან მიიღოს მოსაზრებები და იდეები, როგორ პროცესზეა საზოგადოებრივი დაკვეთა და ამის შესაბამისად, შესაბამისი პროფესიონალების, მოწვეული ექსპერტების და ქართული საზოგადოების ჩართულობით წარიმართება ეს პროცესი". - თქვა ლომჯარიამ

მისი განცხადებით, პრეზიდენტს არ სურს, რომ ეს [შერიგების] პროცესი იყოს აღქმული, როგორც თუნდაც კონკრეტულ პარტიებს შორის შეთანხმება ან გარიგება.

"ის ამ პროცესს უყურებს უფრო ფართოდ, თუმცა, თუ ეროვნულ შეთანხმებას დასჭირდება კონკრეტული ნაბიჯები, არ გამოვრიცხავ, რომ იყოს გადადგმული. დავინახე, რომ პრეზიდენტი არის ყველაფრისთვის მზად, რაც იქნება საზოგადოების და პოლიტიკური სპექტრის დაკვეთა". - ამბობს სახალხო დამცველი. 

მისივე თქმით, მას სალომე ზურაბიშვილთან არ ულაპარაკია კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე, თუმცა, ახსენა როგორც ექსპრეზიდენტის, ასევე, ის საქმეები, სადაც პოლიტიკური მოტივაცია ჩანს. 

"მაქვს მოლოდინი, რომ ამ პროცესის და თუნდაც, უფრო დამოუკიდებელი სასამართლოს შედეგად პოლიტიკურად მოტივირებული დევნები დასრულდება.

თუმცა, კონკრეტულად ვინმეს შეწყალების საკითხებზე არ გვისაუბრია. 

არ მინდა, რომ დავავიწროვო ეს პროცესი თუნდაც მესამე პრეზიდენტის შეწყალებამდე, ეს არის უფრო სერიოზული პროცესი, რომელიც არა მარტო ერთ ადამიანს, არამედ საზოგადოების ფართო ფენებს უნდა შეეხოს. საზოგადოებამდეც ნუ მივიტანთ მესიჯს, რომ ეს პროცესი მესამე პრეზიდენტის შეწყალებამდე მიდის. ეს ფართო პროცესია, რომლისგანაც ყველამ უნდა მიიღოს სარგებელი". - თქვა ნინო ლომჯარიამ


close დახურვა