სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შიმშილობის დაწყებასთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობის წევრების გადაწყვეტილებას არ მიესალმება და ამბობს, რომ ბრძოლის თვალსაზრისით პოლიტიკური პროცესის პარლამენტში გაგრძელება ბევრად ეფექტური იქნებოდა.
"შიმშილობის დაწყებას ვერ მივესალმები ვერც ერთ ვითარებაში. ეს არის ძალიან ცუდი ადამიანის ჯანმრთელობისთვის, თუმცა ეს არის ადამიანის ინდივიდუალური არჩევანი და ამ შემთხვევაში პოლიტიკური აქტი და პოლიტიკური გადაწყვეტილება, თუმცა როგორც სახალხო დამცველი, გულწრფელად რომ გითხრათ, მე ვისურვებდი, რომ პოლიტიკური პროცესი ყოფილიყო საქართველოს პარლამენტში", - ამბობს ლომჯარია.
ომბუდსმენი ამბობს, რომ პოლიტიკური პარტიების გადასაწყვეტია, ბრძოლის რა სტრატეგიას მიმართავენ, თუმცა აღნიშნავს, რომ ოპოზიციას ხმების საკმარისი რაოდენობა აქვს იმისთვის, რომ პარლამენტში პროცესი "ცოცხალი" იყოს.
"ვფიქრობ, საქართველოში ოპოზიციას ხმების საკმარისი რაოდენობა აქვს პარლამენტში, რომ იყოს ძალიან ცოცხალი პროცესი და თუნდაც სხვადასხვა საპარლამენტო მექანიზმების გამოყენებით, პრობლემა შეუქმნან ხელისუფლებას. ვფიქრობ, რომ პოლიტიკური ბრძოლის თვალსაზრისით ეს გზა ბევრად ეფექტური იქნებოდა, თუმცა პოლიტიკური პარტიები თავად იღებენ გადაწყვეტილებას, თუ როგორ სტრატეგიას მიმართავენ",- თქვა ნინო ლომჯარიამ.
ნაციონალური მოძრაობის წევრებმა სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მასობრივი შიმშილობა დაიწყეს.
გუშინ, 21 დეკემბერს პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თქვა, რომ შიმშილობა უვადოდ გაგრძელდება მანამ, სანამ "ისტორიული უსამართლობა არ აღმოიფხვრება".