logo
ENG



ლომჯარია პრეზიდენტს მოუწოდებს, გვარამიას შეწყალების საკითხი განიხილოს

17 მაი 202211:23
3 წუთის საკითხავი
 

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია პრეზიდენტს მოუწოდებს, რომ მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხი განიხილოს. 

განაჩენის გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე ნიკა გვარამიამ სასამართლოში განაცხადა, რომ მისი შეწყალების მოთხოვნით პრეზიდენტისთვის არ მიემართათ. 

ლომჯარიას თქმით, გვარამიას მიმართ დადგა განაჩენი იმის გამო, რაც კანონმდებლობით დანაშაულს არ წარმოადგენს. ომბუდსმენი მზადაა, რომ ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტსაც შეხვდეს. 

"ადამიანი არის მსჯავრში მიცემული იმის გამო, რაც ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობით და არც საერთაშორისო პრაქტიკით არ წარმოადგენს დანაშაულს. ამის მტკიცებულებები გვაქვს, ამაზე გვაქვს კომპეტენტური სამართლებრივი მოსაზრებები და, რა თქმა უნდა, თუ პირის მიმართ განაჩენი დადგა იმის გამო, რაც არ წარმოადგენს დანაშაულს, პრეზიდენტს შეწყალების კომპეტენცია იმისთვის აქვს, რომ ასეთი უსამართლო პრეცედენტები ქვეყანაში არ იყოს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ეს საკითხი განიხილოს", - თქვა ლომჯარიამ.

16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა

პროკურატურა მთავარი არხის დამფუძნებელს ნიკა გვარამიას ჯერ კიდევ რუსთავი 2-ის დირექტორობის დროს, ტელეკომპანიის კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდა.


close დახურვა