logo
ENG



ლომჯარია შაქარაშვილზე: გაუგებარია როგორ მოხდა მდინარესთან ისე, რომ ტრავმები არ მიუღია

23 ივლ 202021:46
3 წუთის საკითხავი
 

გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ მისთვის წარმოუდგენელია როგორ გაიარა გიორგი შაქარაშვილმა მდინარემდე არსებული გზა ისე, რომ არ მიიღო დაზიანება.

ლომჯარიას თქმით, საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, რომელიც შაქარაშვილის მდინარემდე მისასვლელ გზას აღადგენს.

„კითხვები გვიჩნდება როგორც საგამოძიებო მოქმედებებთან, ასევე მიცემულ ჩვენებების ნამდვილობასთან დაკავშირებით. გარკვეულ ეპიზოდში, განსაკუთრებით ბოლო კრიტიკულ ეპიზოდში ჩვენებები წინააღმდეგობრივია. გვაინტერესებდა ადგილზე მივსულიყავით სიტუაციის უკეთ აღსაქმელად. გავიარეთ ის გზა, რომელიც სავარაუდოდ, გიორგის უნდა გაევლო მდინარამდე მოსახვედრად. ღამის საათებში წარმოუდგენელია ადამიანმა ის გზა გაიაროს ისე, რომ არ მიიღოს სერიოზული დაზიანებები, მით უმეტეს, როდესაც მოგსდევენ. იქ გაუვალი ადგილია“, - აცხადებს ლომჯარია.

ომბუდსმენის თქმით, შაქარაშვილის საქმეში, სურათის აღსადგენად მნიშვნელოვანი ფაზლები აკლია საქმეს.

„ფაქტია, რომ საქმეში არ არსებობს ის მტკიცებულებები, რაც აღადგენდა გზას. თავისით მოხდა თუ მიიყვანეს, აღსადგენია. თუ ექსპერტებს დავუჯერებთ, გარდაცვლილს ჩამოცურებით, ჩამოვარდნით ტრავმები არ ჰქონდა. ჩემთვის გაუგებარია როგორ მოხდა იმ ადგილზე ისე, რომ ტრავმები არ ჰქონდა. მაქვს შთაბეჭდილება, რომ სურათის აღსადგენად მნიშვნელოვანი ფაზლები გვაკლია. ფაზლი არ იწყობა. ან ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია გვაკლია, ან ვიღაცები მალავენ ინფორმაციას, ან ამბობენ ტყუილს. გამოძიებამ უნდა დაგვანახოს თუ რა არის მიზეზი“, - განაცხადა ლომჯარიამ. 

გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს გაუჩინარდა - მის ცხედარს 22 ივნისს მიაკვლიეს მდინარე არაგვში.

სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი გახდა ასფიქსია წყალში დახრჩობით - ამ დასკვნის შემდეგ გამოძიება გადაკვალიფიცირდა და დაემატა განზრახ, დამამძიმებელ გარემოებებში, მკვლელობის მუხლიც.

ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული.


close დახურვა