logo
ENG



მადიარი: ორბანი ემუქრებოდა ხალხს, რომ ახალი მთავრობა მათ რუსეთ-უკრაინის ფრონტზე წაიყვანდნენ

13 აპრ 202618:13
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/13/6yrmf3x2kdwka1x.png

თქვენ, უცხოური პრესის წარმომადგენლებო, აქ არ ცხოვრობთ. თქვენ არ იცით და ვერც გაიგებთ იმ პროპაგანდას, რომელიც უნგრეთში მიმდინარეობდა - გებელსის ტიპის, ჩრდილოეთ კორეის ტიპის პროპაგანდას. ეს იყო ისეთი პროპაგანდა, რომელშიც სიმართლის ერთი პატარა ელემენტიც კი არ მოიძებნებოდა, - თქვა უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული ოპოზიციური პარტია Tisza-ს ლიდერმა, პეტერ მადიარმა არჩევნების შემდეგ გამართულ პირველ საერთაშორისო პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

"ვიქტორ ორბანი საკუთარ ხალხს ემუქრებოდა. ის ცდილობდა შიში ჩაენერგა ბავშვებსა და ხანდაზმულებში, ბებია-ბაბუებში. ის აშინებდა უნგრელ ხალხს, რომ თუ ახალი მთავრობა მოვიდოდა, მათ წაიყვანდნენ რუსეთ-უკრაინის ფრონტზე, რომ მათ ოჯახის წევრებს წაიყვანდნენ ომში.

ვიქტორ ორბანი ძალიან დაბლა დაეცა - უკიდურესად დაბლა - იმისთვის, რომ შეენარჩუნებინა ძალაუფლება, მოპარული ქონება და ფული.

მსურს მკაფიო გზავნილი გავუგზავნო მთელ მსოფლიოს: უნგრეთში არავის სურს ომი. უნგრეთი დგას მშვიდობის მხარეს. პარტია Tisza-ს მთავრობა იქნება მშვიდობის მთავრობა.

ეს იქნება სრულიად განსხვავებული ვიქტორ ორბანისგან, რომელიც ბოლო წლებში საერთოდ არ შეხებია იმ პრობლემებს, რომლებიც უნგრელ ხალხს რეალურად აწუხებს. მას არ უსაუბრია ჯანდაცვაზე, განათლებაზე, ცხოვრების ღირებულების კრიზისზე.

ამის ნაცვლად, ის ჩართული იყო ერთგვარ „ხუთგანზომილებიან ჭადრაკში“. ვფიქრობ, სწორედ ეს გახდა მისი მარცხის მიზეზი.

ის მუდმივად საუბრობდა რუსეთზე, უკრაინაზე, ირანზე, ირანის შაჰზე, აიათოლაზე, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე. თუ შუაღამით გააღვიძებდით, იტყოდა, რომ თავად მოიგო ამერიკის არჩევნები და არა დონალდ ტრამპმა.

ის საუბრობდა ყველაფერზე - გარდა იმ საკითხებისა, რომლებიც უნგრელ ხალხს რეალურად ეხება.

და უნგრელმა ხალხმა ამ ყველაფერს „არა“ უთხრა.

მილიონობით უნგრელმა დაამტკიცა, რომ უნგრელი ხალხი თავად წერს საკუთარ ისტორიას. ეს ისტორია არ იწერება მოსკოვში, არ იწერება ბრიუსელში და არ იწერება ვაშინგტონში.

ეს ისტორია იწერება უნგრეთის ქუჩებსა და მოედნებზე.

მადლობელი ვარ უნგრელი ხალხის, რომ მათ ეს დაამტკიცეს", - განაცხადა პეტერ მადიარმა.


close დახურვა