logo
ENG



მაკო გომური: ყველაფრის მოლოდინში ვარ, ახალი 20 ივნისის დატრიალებაც არ გაუჭირდებათ

14 ნოე 201923:32
3 წუთის საკითხავი
 
zsyv4ghhqzczbqs.jpg

20 ივნისის ღამეს დაზარალებული მაკო გომური „ფორმულასთან“ საუბარში საპარლამენტო უმრავლესობის მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ ამბის გაგების შემდეგ უიმედობის განცდა დაეუფლა.

მაკო გომურის განცხადებით, მას არ გაუკვირდება თუ კიდევ ერთი 20 ივნისის ღამე გამეორდება.

„ამ ადგილას ვიყავი დაახლოებით, როდესაც ვნახე ნიუსი და ძალიან განვიცადე, რადგან მეგონა, ეს ყველაფერი ასე არ ჩაივლიდა. 20 ივნისის ღამემ რაც მოიტანა ჩვენთვის კარგი იყო პროპორციული არჩევნები და ცუდი შეგრძნება იყო, რადგან მეგონა, რომ 20 ივნისის გაღებული მსხვერპლი ასე არ ჩაივლიდა. უიმედობის განცდა დამეუფლა და მეგონა, რომ ისევ გადაუარეს ხალხს. უკვე ყველაფრის მოლოდინში ვარ. არ გამიკვირდება ხალხზე ძალადობაც. მარტივი ტრიუკებით გადაფარეს 20 ივნისის ღამე და ისე მოხდება, რომ ახალი 20 ივნისის დატრიალებაც არ გაუჭირდებათ. თუმცა, მგონია, რომ ხალხის უნდა ეშინოდეთ. მე ვრჩები აქ და როცა შემეძლება გამოვალ და ამ ადამიანებთან დავდგები, მინდა იგრძნონ, რომ ჩემი სახით მარტო არ არიან," - განაცხადა გომურმა

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ დაპირება არ შეასრულა და ჩააგდო კანონპროექტი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით. ამ წუთებში პარლამენტის წინ საზოგადოების ნაწილი მმართველი გუნდის ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებს. აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე კარვები გაშალეს, ამავე დროს „ლეიბორისტული" პარტიის ოფისში გამართულ შეხვედრაზე ოპოზიცია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნაზე შეჯერდა. ისინი უკვე შეუერთდნენ რუსთაველის გამზირზე არსებულ აქციის მონაწილეებს.


close დახურვა