ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენების პარალელურად, სასულიერო პირებმა „გალერეა თბილისის“ მიმდებარე ტერიტორიაზე პარაკლისი გადაიხადეს. მღვდლები მრევლთან ერთად ადგილზე დაახლოებით შვიდი საათისთვის მივიდნენ. პარაკლისის შემდეგ, სასულიერო პირებმა ზიარების რიტუალიც შეასრულეს.
მღვდლების აქციას მოგვიანებით რადიკალური ჯგუფების ერთ-ერთი თავკაცი, გურამ ფალავანდიშვილიც შეუერთდა. მისი თქმით, აქციის მონაწილეები კიდევ ერთხელ შეეცდებიან ჩვენების ჩაშლას.
“საზოგადოებამ დაინახა, რომ ეს ცუდი კინოა და პოლიციამ რომ არ დაიცვას, დღესაც შევალთ ჩვენ და შევეცდებით ჩაშლას. ჩვენი შეძახილებით, კამერის გამორთვით. რაც შეგვიძლია ვაკეთებთ და ამ ბრძოლაში რომ გავიმარჯვოთ, წყობა უნდა შეიცვალოს. როგორ გამოგვივა, ეს უკვე არ ვიცი", - აცხადებს ფალავანდიშვილი.
"ფილმი გადის უკვე სამი დღეა. ხდება ცოდვის პროპაგანდა, ცოდვისა რომელიც ყველაზე მეტად არისხებს ღმერთს. არაერთხელ მითქვამს, რომ აუღელვებელი ღმერთი ააღელვა მამათმავლობის ცოდვამ. როცა ეკლესიის მამაოები ამ ადგილს განმარტავენ, მამათმავლობა არის ცოდვა არა მარტო საქმით, არამედ მისი ნებისმიერი სახით - მხარდაჭერა, წახალისება არის ცოდვა", - განმარტავს ერთ-ერთი მღვდელი.