„ძველ ხის გემებზე, როცა ვირთხები ჩაძირვის საშიშროებას იგრძნობდნენ, გემიდან პირველი გარბოდნენ“, - ასე აფასებს საქართველოს პრესსამსახური ანდრია ჯაღმაიძე მეუფე იაკობის მიერ გაკეთებულ განცხადბებს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრისა და პატრიარქის ჩამოცილების შესაძლო გეგმის შესახებ.
„ფორმულას“ კითხვაზე, "იძირება თუ არა საპატრიარქო," იღიმის და აცხადებს, რომ ვიღაცას შეიძლება ასე ჰგონია, მაგრამ არა.
„უნდა დაველოდოთ, სიტუაცია იმდენად რეზონანსულია, საპატრიარქო ალბათ გააკეთებს განმარტებას, მაგრამ იმდენად მოულოდნელი იყო, ნაჩქარევად ალბათ არ გააკეთებს ამას. ეპისკოპოსები ითხოვენ და თუ სინოდის წევრები ასეთ საკითხს აყენებენ, შესაბამისად, სინოდი ამას განიხილავს. მე ნუ შემაფასებინებთ ორი ადამიანის ერთმანეთისთვის ნათქვამებს, ვცდილობ რომ პოლემიკაში არ შევიდე. ძველ გემებზე, ხის გემები რომ იყო, იყვნენ ვირთხები და როგორც კი იგრძნობდნენ გემის ჩაძირვის საშიშროებას, ვირთხები გარბოდნენ გემიდან. ვიღაცას შეიძლება ჰგონია, მაგრამ საპატრიარქო არ იძირება“, - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
შეგახსენებთ, რომ ქორეპისკოპოსმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ვანო ჩხარტიშვილისა და ბიძინა ივანიშვილის დავალებით, გიორგი კვირიკაშვილი, გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაური პირადად მას ილია მეორის პატრიარქის ტახტიდან გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ, მიზნის მისაღწევად კი ნებისმიერ სცენარს, მათ შორის მკვლელობასაც განიხილავდნენ.