ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატით ვერტმფრენით შემოუფრინა თბილისს და ქალაქი დალოცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური ვებ-გვერდზე ვკითხულობთ.
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ ასეთი ღონისძიებები კვლავ გაგრძელდება და მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება.
მამა მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, მსგავსი ტიპის ღონისძიებები მოსახლეობის დასამშვიდებლად არის საჭირო. მას არ აქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რომელმა კონკრეტულმა უწყებამ გამოყო ვერტმფრენი. ქალაქის დასალოცად.
„ჩვენ ქვეყანაში სხვებს უნდა ვკითხოთ ქალაქი ვაკურთხოთ თუ არ ვაკურთხოთ? არამართლმადიდებლების უფლებები შევლახეთ? სხვა დროს სხვა გასაჭირის დროსაც მომხდარა ასეთი დალოცვის აქცია. უწმინდესის ლოცვა კურთხევით მეუფე იაკობმა აღასრულა პატრიარქის თხოვნა. რა თქმა უნდა, ვერტმფრენით დაგვეხმარა ხელისუფლება, ჩვენ თვითმფრინავები არ გვყავს. ხელისუფლებამ ხელი შეგვიწყო, რომ ასეთი გასაჭირის დროს ხალხს დავეხმაროთ. სასიხარულო ამბავს ვაკეთებთ ჩვენი ერი რომ გავახაროთ და რა არის ეს ჩაძიებები ვინ გადაიხადა საწვავის თანხა. არ გრცხვენიათ? რაში გეკითხებათ თქვენ?“, - განაცხადა მამა მიქაელ ბოტკოველმა „ფორმულასთან“ სატელეფონო საუბრის დროს.