logo
ENG



მამუკა მდინარაძე მოლაპარაკებებზე: ოპოზიციას მაგიდის აყირავება დიდი ხანია უნდოდა

11 თებ 202013:28
3 წუთის საკითხავი
 
f4s2ovh8mh5o590.jpg

მმართველი პარტიის წარმომადგენელი, მამუკა მდინარაძე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების გაწყვეტის პროცესზე პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს. მისი განცხადებით, ოპოზიციას ჰქონდა იმის მოლოდინი, რომ უზენაესი სასამართლო გიგი უგულავას საქმეზე გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას გამოიტანდა, შესაბამისად მისივე თქმით, მათ ეს პროცესები გამოიყენეს იმის საბაბად, რომ მოლაპარაკებები დასრულებულიყო.

„მათ სააკაშვილი რამდენიმე დღის წინ მკაცრად გააკრიტიკეს მისი განცხადების გამო, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ჩანს, რომ მიყვებიან მიხეილ სააკაშვილის სცენარს, რომელიც არის რევოლუციური. მაგიდის აყირავება მათ დიდიხანია უნდათ და ეს იმაშიც გამოიხატება, რომ არცერთ ეტაპზე მათ კომპრომისული ვერსია არ წარმოუდგენიათ. გუშინ როდესაც ჰქონდათ მოლოდინი, რომ შესაძლო იყო მის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო გაფლანგვით დაკვალიფიცირებულიყო უგულავას, ისინი წინასწარ ცდილობდნენ ილუზიის შექმნას როგორც საერთაშორისო პარტნიორებისთვის ისე ქართული საზოგადოებისთვის,  რომ თითქოს კომპრომისულ ვარიანტზე დაიწყეს საუბარი. როდესაც საუბარია მათ მიერ წარმოდგენილ ე.წ. გერმანულ მოდელზე, რომელიც სინამდვილეში მაჟორირარულ ნაწილში გაჯერებულია ავღანური ელემენტებით, ისინი ამას ეძახდნენ კომპრომისს ეს იყო თავდაპირველი ვერსია, ჩვენი დათმობა თქვენ ძალიან კარგად ნახეთ, თქვენ თუ შეგიძლიათ მითხრათ რა დათმობაზე წამოვიდნენ ე.წ. გერმანული მოდელიდან. მათ ჰქონდათ მოლოდინი, რომ ექნებოდათ საბაბი რომ ამოეყირავებინათ მოლაპარაკების მაგიდა და ჰქონდათ აბსოლუტრად არასერიოზული წინადადებები, რომ დაფიქსირებულიყო თითქოს მათ შემოგვთავაზეს რაღაც კომპრომატული ვარიანტი“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, მას შემდეგ რაც უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა დამნაშავედ ცნო, ოპოზიციამ უარი განაცხადა ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების გაგრძელებაზე.

ასევე შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე უგულავა დამნაშავედ ცნო და მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. პროკურატურა უგულავას 48 მილიონი ლარის მითვისებას ედავებოდა. საქმე ეხება თბილისის განვითარების ფონდის საქმეს. საქალაქო და სააპელაციო სასამართლომ რამდენიმე წლის წინ, როდესაც ამ საქმეზე იმსჯელა, თქვა, რომ არ ყოფილა თანხის მითვისება და საქმე მხოლოდ თანამდებობის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ეხებოდა. ამ მუხლით გიგი უგულავა საქალაქო სასამართლომ გაამტყუნა, ერთი წლით და სამი თვით პატიმრობა მიუსაჯა, რაც უგულავას უკვე მოხდილი აქვს. უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღო.


close დახურვა