logo
ENG



მამუკა ჟღენტის Op-Ed: Жыве Беларусь!

20 აგვ 202018:38
3 წუთის საკითხავი
 
g0a6n2f1jp9le1b.jpg

ლუკაშენკო 1994 წლიდან, ავად თუ კარგად, მართავს ბელარუსს.

მართავს ისე, რომ პოსტსაბჭოტა სივრცეში (ბალტიის სახელმწიფოთა და სისხლიანი 9 წლის საქართველოს გამოკლებით) ბელარუსში ყველაზე ნაკლებია როგორც კორუფცია, ასევე კორუფციის აღქმა საზოგადოებაში. თითქმის საბჭოთა მოდელით, მაგრამ ფუნქციონირებს ეკონომიკა - ყველაფერი შედარებითია, მაგრამ თუ იგივე პოსტსაბჭოთა სივრცეს შევადარებთ, ფუნქციონირებს საკმაოდ გამართულად. წარმოება გუგუნებს და სოფლის მეურნეობა სამაგალითოა - იქაურმა კარტოფილმა დუშეთშიც კი ჩამოაღწია და საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის ცხოვრების მიღწევებში მთავარ სიამაყეს წარმოადგენს.

ჯანდაცვის სისტემა ერთერთი გამართულია და საქართველოდან ელჩად რომ დაინიშნო მინსკში, გარანტიები უნდა წარადგინო, რომ ადგილსამყოფელ სახელმწიფოში გექნება ის გავლენა, რომ ნებისმიერ დროს, დაჩქარებული პროცედურებით, უზრუნველყოფ ამა თუ იმ ოპერაციას, განსაკუთრებით ორგანოთა გადანერგვის თვალსაზრისით.

ეკოლოგიურად ერთერთი სუფთა სახელმწიფოა რეგიონში და ვინც მინსკში ერთხელ მაინც არის ნამყოფი, გამორიცხულია, დაავიწყდეს ქალაქის სიმწვანე და ლამის იდეალური სისუფთავე. პენსიები საკმაოდ მაღალია და საარსებო მინიმუმს საკმაოდ აღემატება. ხელფასებიც იძლევა ადამიანურად ცხოვრების საშუალებას - რა თქმა უნდა „ადამიანურიც" შედარებითია ამ კონტექსტში. დიდ ქალაქებში ფუქნციონირებს სხვადასხვა სავაჭრო ცენტრები და ბევრად უფრო მეტი ბრენდული მაღაზია შეგხვდებათ, ვიდრე მაგალითად საქართველოში.

ვერსად ნახავდით კორუფციით ან არაპროფესიონალიზმით გამოწვეულ ისეთ ქაოსს რომელიმე სფეროში, როგორსაც დღეს საკუთარ ტყავზე განიცდის თითოეული საქართველოს მოქალაქე. საგულისხმოა, რომ ბევრად ნაკლები ბელარუსია ქვეყნიდან გასული დასავლეთ ევროპაში საშოვარზე შედარებით ჩვენი რეგიონის, უკრაინის, მოლდოვას და რუსეთის მონაცემებთან (რაოდენობრივადაც და პროცენტულადაც) და ამას უვიზო რეჟიმის თემასთან კავშირი არ აქვს.

სამართავად საკმაოდ ადვილი ხალხია, განსხვავებით იგივე საქართველოსგან. საკმაოდ კანონმორჩილი და არააგრესიული. პოლიტიკაც, განსხვავებით საქართველოსგან, რეალურად მოსახლეობის 1%-ს აინტერესებს და საახალწლო წვეულებებსა თუ ქორწილებში პოლიტიკაზე საუბარს რთულად თუ გადააწყდებით, თუნდაც შეზარხოშების უკანასკნელ სტადიაზე. არა იმიტომ, რომ კაგებე-ს არ სძინავს, არამედ იმ უბრალო მიზეზით, რომ დიდად ეს საკითხი არ ადარდებ(და)თ.

და მართავ(ს)და ამ ქვეყანას ავად თუ კარგად ბაწკა. მართავდა ისე, რომ დასავლეთთან „მიკი მაუსის" სტილში თამაში ჰქონდა გაჩაღებული. აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფო, დიალოგი, გამოწვევები და პრობლემები - ადამიანის უფლებები, სასჯელის უმაღლესი ზომა, პრესის თავისუფლება, ეროვნული უმცირესობები, რელიგიის თავისუფლება და ასე და ასე შემდეგ. იყო ასევე სერიოზული ბიზნეს პროექტები აშშ-სთან და დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებთან. ასევე, მიუხედავად სანქციებისა, ფაქტია, რომ მაგალითად აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტის მოწესრიგება ე.წ. „მინსკის ჯგუფს" აქვს ჩაბარებული, რუსეთ-უკრაინის ომში „მინსკის შეთანხმებები" ითვლება ამოსავალ წერტილად მშვიდობიანი დარეგულირებისათვის. შეიძლება მავანმა ამას ყურადღება არც მიაქციოს და ამ ყველაფრის როლი დააკნინოს, მაგრამ ვინც საერთაშორისო ურთიერთობებში მეტ-ნაკლებად ერკვევა, დამეთანხმება, რომ ამას მოხერხება უნდა.

იმავდროულად, საერთო სლავური სენტიმენტების გათვალისწინებით, ეთამაშებოდა "კაზაკი რაზბოინიკის" ჯერ ბორია ელცინს, შემდეგ კი ვალოდია პუტინს. სოიუზნოე გოსუდარსტვო, ოდეკაბე, ესენგე, ევრაზიული კავშირი - ეს ყველაზე კარგად ცნობილი კრემლის/პუტინისეული პროექტებია, სადაც ლუკაშენკო სტრატეგიულ პარტნიორობას უწევდა რუსეთს. თუმცა, იმავე თანამდეროვე საქართველოსგან განსხვავებით, უფრო ადეკვატურად და შეუპოვრად იცავდა საკითარი ქვეყნის ინტერესებს მაგალითად გაზპრომთან და ენერგეტიკასთან დაკავშირებული საკითხებში, ისევე, როგორც ვაჭრობისთვის ბელარუსისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობების შექმნაში.

ბაწკა, მართალია დიქტატორი, მაგრამ ქარიზმატული ლიდერია. ქარიზმაც მორგებული უნდა იყოს „ბენეფიციარების" პრეფერენციებს. არც პიარი ეშლებოდა და მთელი Youtube პერიოდულად დაპყრობილი ჰქონდა მის განცხადებებს, იქნებოდა ეს მოძმე რუსეთზე, ბრატიშკა ვალოდიაზე, თუ კამერების წინ გაფარჩაკებულ კორუმპირებულ ან არაკეთილსინდისიერ ჩინოვნიკზე.

კაშეი ბესმერტნი?

შესაბამისად, უკვე ყოფილ ბაწკას აწყობილი ჰქონდა მარქსისა და ენგელსის სწავლებაზე დაფუძნებული ავტორიტარული სახელმწიფო, სადაც ყველა და ყველაფერი იყო მოქცეული ჩარჩოებში. ამ ჩარჩოებში, იყო უზრუნველყოფილი ყველაფერი ის, რაც ცოცხალ არსებას სჭირდება ფიზიკური არსებობისათვის. მაგრამ, ამ ფარგლების მიღმა, ნურას უკაცრავად. ბაწკას ლოგიკით, ხალხს ჰქონდა პური, ის უზრუნველყოფდა სანახაობას და აი თავისუფლება კი.....

მაგრამ ხალხი მიდრეკილია თავისუფლებისკენ. დანაყრებული ხალხი მაინც თავისუფლებისკენ ილტვის და მონობას, ხშირ შემთხვევაში შიმშილი და მაგალითად, ქართული ოცნების სტილში ქაოსი ურჩევნია. სანახაობაც ძველდება და საბოლოო ჯამში, კაშეი ბესმერტნიც კვდება რუსულ ზღაპრებში. რამდენადაა ტიხანოვსკაია ის გმირი, რომელიც კაშეის სოცოცხლის მატარებელ კვერცხს დაესაკუთრება და დაასრულებს მის პოლიტიკურ სიცოცხლეს, ისევე, როგორც როდის მოხდება ეს ყველაფერი, საკმაოდ რთულად პროგნოზირებადია. მაგრამ ერთი რამ უდაოდ შეიძლება ითქვას, რომ ბევრად ადრე, ვიდრე 2030-იანელებს მიაჩნიათ, კაშეი ბესმერტნი საბოლოო ჯამში გზას უთმობს სიახლეს, ხალხის ნებასა და თავისუფლებისკენ სწრაფვას.

თუმცა, როგორც რუსეთს ვერ უშველა ზღაპრული კაშეის სიკვდილმა და კვლავ ჭაობშია ჩაფლული მთელი ქვეყანა, ასევე რთული სათქმელია, რა ელის ბელარუს ბაწკას წასვლის შემდეგ. ბაწკა წასასვლელია და წავა, მაგრამ რა მოხდება და როგორ, მათ შორის დღეს სახელმწიფო ქონებაში არსებული დიდძალი რესურსის გადანაწილება/პრივატიზირების ან თუნდაც ახალი, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის კუთხით, ეს ცალკე ამბავია და ამაზე მოგვიანებით...

 


close დახურვა