„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მამუკა ჩიქოვანი საავტომობილო შეზღუდვის შესაძლო გახანგრძლივებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ შეზღუდვა ხელისუფლებამ წინასააღდგომო პერიოდში მიიღო, შესაბამისად ამ შეზღუდვას მოხსნის. მისივე განცხადებით, ხელისუფლება საზოგადოების ნაწილს და სხვადასხვა კომპანიებს არათანაბარ პირობებში აყენებს.
„დაუშვებელია ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვის გახანგრძლივება. ყველამ კარგად ვიცით, თუ რატომ იქნა შემოღებული ეს შეზღუდვა. ჩვენ ვხედავთ უსუსურ ხელისუფალს, არათანმიმდევრულს თავიანთ ქმედებებში და გადაწყვეტილებებში. ვხედავთ ხშირ შემთხვევაში შერჩევითი სამართლის ნიშნებს კარანტინის პირობებშიც კი. არათანარ მდგომარეობაში არიან ჩაყენებული მოქალაქეები და სხვადასხვა კომპანიები. ყველაფერი უსამართლობის განცდაც აღრმავებს“, - აცხადებს მამუკა ჩიქოვანი.
„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის გიორგი კაპანაძის განცხადებით, კი ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვა გარკვეული პერიოდის მანძილზე გამართლებულია, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში საზოგადოების დიდი ნაწილისთვის კომფორტული არაა იმიტომ, რომ ხალხი მანქანას პროდუქტების შესაძენად იყენებს.
მისივე განცხადებით, ასეთი ტიპის შეზღუდვების დაწესებას, ჯობია, რომ უფრო მიზანმიმართული შეზღუდვები დააწესოს ხელისუფლებამ, რაც ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის უკეთესი იქნება.
„საავტომობილო მანქანებით გადაადგილების შეზღუდვა შეიძლება გამართლებული ყოფილიყო მოკლევადიან პერსპექტივაში, როდესაც აღდგომის დღესასწაულის წინ მთავრობას ჰქონდა ამოცანა, რომ არ მომხდარიყო ხალხმრავალი შეკრებები ეკლესიებში. პროდუქტების შესაძენად ადამიანებს სჭირდებათ მანქანის გამოყენება, ამიტომ ასეთი ტიპის შეზღუდვას ჯობია, რომ უფრო მიზანმიმართული შეზღუდვები იყოს“, - განაცხადა ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, სერგი კაპანაძემ.
საგანგებო მდგომარეობასთან ერთად, დღეს საავტომობილო გადაადგილების აკრძალვის ბოლო დღეც არის. თუმცა, არ არის გამორიცხული შეზღუდვა გაგრძელდეს. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე გადაწყდება.