logo
ENG



მამუკა ხაზარაძე: პარლამენტში ერთჯერადად შესვლა არაფრის მომტანია, ამას მხარს არ დავუჭერთ

10 თებ 202122:06
3 წუთის საკითხავი
 
მამუკა ხაზარაძე: პარლამენტში ერთჯერადად შესვლა არაფრის მომტანია, ამას მხარს არ დავუჭერთ

ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ პარლამენტში ერთჯერადად, უბარიერო პროპორციული სისტემისთვის შესვლას მისი პარტია მხარს არ დაუჭერს. ამით ის ამ საკითხზე წამოჭრილ რესპუბლიკელების ინიციატივას გამოეხმარა. ფორმულას ეთერში, გადაცემა "გიორგი თარგამაძის ფორმულაში" მან აღნიშნა, რომ "გაუგებარია", ერთი მხრივ იყო ბოიკოტში და მეორე მხრივ შეხვიდე რამდენიმე დღით პარლამენტში.

"აქ, ჩვენ კოსმეტიკური ცვლილებები ვერ გვიშველის. ჩვენს ქვეყანას სჭირდება ახალი არჩევნები. არანაირი 2024 წლისთვის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა, ეს უბარიერო იქნება თუ ა.შ., არ იქნება სიკეთის მომტანი. 

ჩემი და ლელოს პოზიცია არის, რომ ერთჯერადად შესვლა [პარლამენტში] არაფრის მომტანი არ არის. ჩვენ ამას მხარს არ დავუჭერთ, მიუხედავად იმისა, რომ კოლეგების აზრს პატივს ვცემთ. გაუგებარია, ერთის მხრივ იყო ბოიკოტში და მეორეს მხრივ შეხვიდე რამდენიმე დღით პარლამენტში. ეს ნიშნავს, რომ ხვალ შეიძლება კიდევ რაღაცისთვის დაგიძახონ და აქ, ჩვენ, მე პირადად და ჩემი თანაგუნდელები ვართ მყარ პოზიციაზე, - ამბობს მამუკა ხაზარაძე. 

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ თუ ქართული ოცნება ბუნებრივი ბარიერით პროპორციულ საარჩევნო სისტემას დაარეგისტრირებს, ის და თამარ კორძაია კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებენ და მხარს დაუჭერენ.

როგორც ის განმარტავს, "ეს არ ნიშნავს პარლამენტში შესვლას, მუშაობას, დარჩენას, ეს ნიშნავს ხელის მიჭერას იმისთვის, რომ მივიღოთ უკეთესი მომავალი".

სამნიძე აქვე ამბობს, რომ რესპუბლიკური პარტია საერთო ოპოზიციური შეთანხმების ერთგული რჩება და კვლავ თანახმაა, მათ მანდატები გაუუქმონ.

მამუკა მდინარაძემ 8 თებერვალს განაცხადა, რომ მმართველი პარტია მზადაა, განიხილოს უბარიერო საარჩევნო სისტემა, თუმცა, "ნებისმიერ გადაწყვეტილებას სჭირდება მყარი არგუმენტაცია".

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, მომდევნო საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემითა და 5%-იანი ბარიერის პირობებში ჩატარდება. პარტია გირჩის პოზიციაა, რომ ნებისმიერი შემდეგი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს სრულად პროპორციული სისტემით, ბუნებრივი ბარიერით. ამ ცვლილებას 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება, თუმცა გირჩის პარლამენტში შესვლის შემთხვევაშიც, საკმარისი ხმა ვერ გროვდება. 


close დახურვა