კომუნიკაციების კომისიამ გადაცემაში შაბათის მთავარი გასული სიუჟეტი უხამსობის შემცველად მიიჩნია და მთავარი არხი სამართალდამრღვევად ცნო, მაგრამ ტელეკომპანია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა. კომუნიკაციების კომისიას მიაჩნია, რომ სიუჟეტში უხამსობის შემცველი კონოტაცია საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებთან თანხვედრაში არ არის და საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება არ გააჩნია. "საქმე ეხება 2020 წლის 12 დეკემბერს მთავარი არხის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემაში მთავარი შაბათს 21:57 საათზე გასულ სიუჟეტს, რომელიც არაეთიკური კონოტაციით წარმოჩენილ გრაფიკულ გამოსახულებასა და უხამს გამონათქვამებს შეიცავს", - აცხადებენ მარეგულირებელში.
მთავარ არხის დამფუძნებელი ნიკა გვარამია კი აცხადებს, რომ კომისიას ცენზორის უფლება არ აქვს. გვარამიას თქმით, მთავარ არხს ცენზურა დაუწესეს. მედიაექსპერტების აზრით, ამჟამად მარეგულირებელი კომისია არის ინსტრუმენტი, რომლითაც ხელისუფლება მათდამი კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიების სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას შეძლებს.
კომუნიკაციების კომისიამ განხილვის შედეგად შეაფასა, რომ უხამსობის შემცველი გადაცემის განთავსებით მაუწყებლის მაყურებლის უფლებები დაირღვა.
"კომისიის მიზანი არა მაუწყებლების სანქცირება, არამედ უხამსობის შემცველი გადაცემებისგან მაყურებლების დაცვაა, სწორედ ამიტომ კომისიამ გამოიყენა თავისი კანონიერი უფლება და მთავარ არხს სანქცია არ დააკისრა", - ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კომუნიკაციის კომისიაში აცხადებენ, რომ სიუჟეტი მაუწყებლის ეთერში საუკეთესო დროს განთავსდა და შესაძლებელია, რომ მას მაყურებლის დიდმა რაოდენობამ უყურა და მათ შორის, შეიძლება, არასრულწლოვნებიც ყოფილიყვნენ.
"მიუხედავად იმისა, რომ მთავარი არხის მიერ ეთერში განთავსებული უხამსობის შემცველი გადაცემა ზღუდავს ფინანსთა მინისტრისა და პარლამენტის წევრების პირად ცხოვრებას, კომისიას მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში გამოხატვის თავისუფლებამ გადაწონა პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება", - ნათქვამია განცხადებაში.
გარდა მთავარი არხისა, ტელეკომპანია ფორმულას წინააღმდეგ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში ახალი სარჩელი შეიტანეს. არხს ახლა უკვე ასაკობრივი ცენზის დარღვევას ედავებიან, კერძოდ, მხატვრული ფილმის გაშვებას 21 საათამდე, დღის მონაკვეთში. საჩივრები მარეგულირებელ კომისიაში კერძო პირების სახელით არის წარდგენილი და მათ დღეს, 28 იანვარს ონლაინ ფორმატში განიხილავენ.
კომისია ამ საკითხს ბავშვთა კოდექსის საფუძველზე განიხილავს, რომელიც პარლამენტმა რამდენიმე თვის წინ, ყოფილ დეპუტატ სოფიო კილაძის ინიციატივით მიიღო.
ტელეკომპანია ფორმულას დირექტორი, ზუკა გუმბარიძე კანონს "დრაკონულს" უწოდებს და ამბობს, რომ ის აუცილებლად შესაცვლელია. იგი პარლამენტს სთხოვს, უახლოეს ვადებში განიხილოს მისი ცვლილება.
ბავშვთა კოდექსის დარღვევის მოტივით კომისიამ ტელეკომპანია ფორმულა 2020 წლის 31 დეკემბერს დააჯარიმა. კომისიას საჩივრით მაშინაც ფიზიკურმა პირმა მიმართა, თუმცა, ფორმულას ინფორმაციით, იგი მართლმადიდებელ მშობელთა კავშირთანაა ასოცირებული.
კომისიის თქმით, ტელეკომპანიამ მაუწყებლობის შესახებ კანონი დაარღვია - სერიალში შეურაცხმყოფელი ლექსიკაა გამოყენებული და დღის ეთერში გავიდა, გარდა ამისა, მათივე თქმით, სერიალს არ აქვს ასაკობრივი ნიშანდება.