ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან რამდენიმეს მდგომარეობა კრიტიკულია. ეზუგბაიას თქმით, ისინი ამ დრომდე დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.
„97 პაციენტიდან 6 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია. ჩვენთან 4 მძიმე ავადმყოფი გვრჩება. ორის მდგომარეობა კრიტიკულია, მაგრამ გუშინვე აღვნიშნე რომ დასტაბილურდა. დღეს თავს ვიკავებთ ვთქვათ, რომ მათი მდგომარეობა გაუმჯობესებულია, რადგან მეორე დღე არის მათი მდგომარეობის შეფასების. თუ დღესაც სტაბილური მდგომარეობა ექნებათ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი ჯანმრთელობა გაუმჯობესდება“, - განაცხადა ეზუგბაიამ.
შეგახსენებთ, რომ ამ დროის მონაცემებით კორონავირუსით ინფიცირების 97 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 18 გამოჯანმრთელებულია. კარანტინში, ბოლო მონაცემებით, იმყოფება 4876 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 264 საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, ხოლო ორ მუნიციპალიტეტში, მარნეულსა და ბოლნისში, კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. გარდა ამისა, საგანგებო რეჟიმის გამკაცრება მოხდა ორ ქალაქში - ზუგდიდსა და ფოთში, იქ პოლიციის ბლოკ-პოსტებია განთავსებული.