logo
ENG



მარნეულის გამშვებ პუნქტთან საველე პალატა მზადდება

24 მარ 202012:26
3 წუთის საკითხავი
 

მარნეულსა და ბოლნისში დღეს სადეზინფექციო სამუშაოებცაატარებენ. უახლოეს დღეებში კი მუნიციპალიტეტში მოქალაქეებისთვის ტესტირებებაც იგეგმება.

მარნეულის მუნიციპალიტეტის გამშვებ პუნქტთან თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები დამატებით საველე პალატას ამზადებენ. იმ შემთხვევაში თუკი მოქალაქეს ტემპერატურა ან სხვა რაიმე სიმპტომი დაუდასტურდება, ის თავდაპირველად ამ კარავში იქნება გადაყვანილი და გარკვეული პერიოდის განმავლობაში, იქამდე მოთავსდება, სანამ ადგილზე არ გამოცხადდება დამხმარე ბრიგადა, რომელიც პროტოკოლის თანახმად საეჭვო პირს ახლომდებარე კლინიკაში გადაიყვანს.

მეორე მხარეს მობილიზებულები არიან საველე სამედიცინო ბატალიონის წარმომადგენელი მობილური ჯგუფები. ისინი 12-ვე გამშვებ პუნქტზე დადიან, რომლებიც ბოლნისისა და მარნეულის რაიონებს უკავშირდება და ადგილზე არსებულ ვითარებას ამოწმებენ.

დღეს ტერიტორიაზე აღარ შეინიშნება ხალხმრავლობა. მოქალქეებს უკვე აქვთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ არ მოხდება მათი ტერიტორიაზე შეშვება, თუ ისინი იქ არ ცხოვრობენ. თავისუფალი გადაადგილება მხოლოდ მედპერსონალისთვის, დისტრიბუციის მანქანებისთვის და საერთაშორისო სატრანზიტო ავტომობილებისთვის არის დაშვებული. საერთაშორისო სატრანზიტო ავტომობილებისთვის კონკრეტული მონაკვეთია განსაზღვრული და მათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომობილების გაჩერება აკრძალული აქვთ. 

ავტომობილებს გამშვებ პუნქტებზე უტარდებათ სადეზინფექციო სამუშაოები, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ტერიტორიაზე გადაადგილებას ვერ შეძლებენ. ასევე ყველა პირის მონაცემს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები იწერენ.

მარნეულის გამშვებ პუნქტთან იმყოფებიან საერთაშორისო სატრანზიტო ავტომობილებიც, როლებიც აზერბაიჯანის და სომხეთის მიმართულებით გადაადგილდებიან. შესაბამისი შემოწმების გავლის შემდეგ, ისინი გამშვებ პუნქტს ტოვებენ.


close დახურვა