logo
ENG



მარნეულში, იძულებით ქორწინების მიზნით გოგოს გატაცების გამო, ერთი პირი დააკავეს

15 თებ 202010:56
3 წუთის საკითხავი
 
idnz4aq886rstkz.jpg
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მარნეულში პირმა, ქორწინების მიზნით, სამ თანამზრახველთან ერთად, 2002 წელს დაბადებული გოგო მოიტაცა. საქმეზე დაკავებულია 1 პირი.
„ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული გ. მ. თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სამ თანამზრახველთან ერთად, მიმდინარე წლის 14 თებერვალს, ქალაქ მარნეულში, ქორწინების მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა 2002 წელს დაბადებულ ა.ყ.-ს. და შემთხვევის ადგილიდან ავტომობილით წაიყვანა.
სამართალდამცველებმა გ.მ. მარნეულის მუნიციპალიტეტში დააკავეს, გოგონა კი საკუთარ სახლში დააბრუნეს. გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 14 თებერვალს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მარნეულში ჩავიდა და პირადად შეხვდა გატაცებული არასრულწლოვანი გოგოს მშობლებს, გატაცების თვითმხილველს და მარნეულის პოლიციის რაიონული სამმართველოს უფროსს.
„გატაცება განსაკუთრებული სისასტიკით მოხდა, თვითმხილველთა თქმით, არასრულწლოვანს თავზე ტომარა ჩამოაცვეს. იგი წინააღმდეგობას უწევდა გამტაცებლებს და დახმარებას ითხოვდა, თუმცა ვერავინ დაეხმარა. სასწრაფოდ უნდა დადგინდეს გატაცებულის ადგილსამყოფელი და დააბრუნონ იგი თავის სახლში. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში არაეფექტურია სამართალდამცავი ორგანოების რეაგირება. აუცილებელია დამნაშავეები კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ, რათა მაგალითი იყოს მათთვის, ვინც ჩვენს ქვეყანაში ადამიანთა გატაცების მახინჯ პრაქტიკას აგრძელებენ. შესაძლოა სხვადასხვა სცენარი გაავრცელონ, მაგრამ ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ გატაცება გოგოს ნების საწინააღმდეგოდ მოხდა“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გატაცებული არასრულწლოვანი მარნეულში საგანმანათლებლო კურსებს ესწრებოდა და სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მსგავსი დანაშაულები გოგოებს უშლის ხელს განათლების მიღებაში, ვინაიდან მათ მშობლებს შვილების ქალაქებში სასწავლებლად გაშვების ეშინიათ.

close დახურვა