logo
ENG



მარნეულში, სოფელ ყიზილაჯლოში ღამე სროლა იყო - დაჭრილია ერთი ადამიანი

24 ოქტ 202208:57
3 წუთის საკითხავი
 

მარნეულში, სოფელ ყიზილაჯლოში ღამე სროლა იყო. გავრცელებული ინფორმაციით, უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა და ადგილიდან მიიმალა.

ცნობილია, რომ დაჭრილია ერთი ადამიანი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაზარალებულს 6 საათის განმავლობაში ოპერაცია უტარდებოდა, ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმედ ფასდება.

დაზარალებულის ძმა მომხდარს ე.წ ქურდული მენტალობის დაჯგუფებას უკავშირებს, რომლებიც სოფლის მცხოვრებებს პერიოდულად ფულს სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სოფლის გადაწვით ან მკვლელობით იმუქრებიან.

დაზარალებულის ძმა ამბობს, რომ მისი ძმა სოფლის რეკეტს შეეწინააღმდეგა, სოციალურ ქსელებში ღიად დაიწყო საუბარი და ამიტომ დასაჯეს. მისი თქმით, ამ პრობლემით ადგილობრივი ხელისუფლება და პოლიცია არ ინტერესდება. მარნეულის მცხოვრები დახმარებას ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვს.

"ჩემი ძმა ცოტა ხნის წინ დაბრუნდა რუსეთიდან. როდესაც გაიგო, რომ სოფელში მოდის ხალხი და ფულს ითხოვენ, დაიწყო თანასოფლელების დაცვა. ის ამბობდა, რომ არავის აქვს უფლება მოვიდნენ და ხალხს ფული სთხოვონ. ხალხი თავისი შრომით ფულს შოულობს და გარკვეული დაჯგუფებები მოდიან, წვავენ მანქანებს, მკვლელობაც იყო, იყო სხვა შემთხვევებიც. ეს არ არის პირველი შემთხვევა. მან დაიწყო ღიად ხალხის დაცვა და სოციალურ ქსელებში წერდა, რომ ვერავინ მოითხოვს აქ ფულს. ის ჩაიხანაში იყო, როდესაც გამოვიდა კი ხიდის ქვეშ ჩაუსაფრდნენ და 5 ტყვია ესროლეს, 4 მოხვდა. მინდა ხელისუფლება დაინტერესდეს ამ ფაქტებით, მაგრამ არაფერს აკეთებს. ამ მოთხოვნით აქციაც გავმართეთ და გადავკეტეთ, ჩვენ არ ვიცით ვინ არიან, ვიცით რომ არიან ქურდული მენტალობის დაჯგუფება. მე არ ვენდობი გამოძიებას, მაგალითად, შემთხვევის ადგილას ლენტიც კი არ გააბეს. ვითხოვთ, პოლიციამ მოგვაქციოს ყურადღება, როდემდე უნდა ვიცხოვროთ ასე", - ამბობს დაზარალებულის ძმა.

მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 2 - 120-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას და ცეცლხსასროლი იარაღის შეძენა/შენახვა/ ტარებას გულისხმობს.

 


close დახურვა