მარნეულში ერთ-ერთ მოქალაქეს კორონავირუსი დაუდასტურდა. აღსანიშნავია, რომ მანამდე ადგილობრივ კლინიკაში პნევმონიით მისი დაც იმყოფებოდა, რომელიც კორონავირუსზე არ შეუმოწმებიათ. ამის გამო ინფექციის გავრცელების კერა შესაძლოა რეგიონის ორი კლინიკა იქცეს.
არსებული ინფორმაციით, პაციენტმა კლინიკას 13 მარტს მიმართა, თუმცა ექიმების თქმით, მას კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ ჰქონდა, რის გამოც ის ვირუსზე არ შეუწმებიათ.
გარდა ამისა, პაციენტი აზერბაიჯანში იმყოფებოდა, თუმცა კლინიკაში მისვლის შემდეგ ამ ინფორმაციას მალავდა.
„ავერსის“ კლინიკის დირექტორი ლელა კიწმარიშვილი ამბობს, რომ კლინიკაში კარანტინია გამოცხადებული და პაციენტებთან მნახველებს არ უშვებენ.
"არანაირი მწვავე რესპირატორული სინდრომი პაციენტთან გამოხატული არ იყო. ასევე უარყვეს კონტაქტი ყველანაირ შესაძლო დაინფიცირებულთან, დამალეს მოგზაურობა აზერბაიჯანში, ეს შემთხვევით გაირკვა. კლინიკაში უკვე კარგა ხანია, არის კარანტინი და არანაირი მიმოსვლა პაციენტებთან არ ხდება. ამის შესახებ ინფორმირებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი", - აღნიშნა კიწმარიშვილმა.
"ფორმულა" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმღვანელს, ამირან გამყრელიძესაც დაუკავშირდა. გამყრელიძის განცხადებით, ცენტრის სპეციალისტები მარნეულის კლინიკაში იმყოფებიან და შესაბამის მოკვლევას აწარმოებენ.
"ამ ეტაპზე მარნეულში ჩვენი ჯგუფი იმყოფება. წამყვანი სპეციალისტები იქ არიან. შემთხვევა დადასტურებულია და ქალბატონი საქართველოს მოქალაქეა. მას მძიმე, მწვავე რესპირაციული სინდრომები აქვს. ამჟამად მიმდინარეობს კონტაქტების გამოვლენა და მათი კვლევა. როდესაც ჯგუფი ჩამოვა და კონტაქტების ნიმუშებსაც აიღებენ, მერე უფრო გვეცოდინება რასთან გვაქვს საქმე", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე მას თბილისში გადმოიყვანენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 54 დადასტურებული შემთხვევაა. ამ ეტაპზე კლინიკაში მკურნალობას 51 ადამიანი გადის, რადგან პირველი 3 პაციენტი კოვიდ-19-სგან უკვე გამოჯანმრთელდა და ისინი საავადმყოფოდან გაწერეს. ბოლო მონაცემებით, 2956 მოქალაქე კარანტინში იმყოფება, ხოლო 291 მოქალაქე სტაციონარში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ხელისუფლებამ 1-თვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც 21 აპრილამდე შენარჩუნდება.