მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 820-მდე გაიზარდა. დაშავებულია 672 ადამიანი, მათგან 56-ის მდგომარეობა მძიმეა.
ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას სისხლის ჩაბარებას სთხოვს, რადგან ბანკში არსებული მარაგი უკვე ამოიწურა. ქვეყნის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, რიგებია საავადმყოფოებთან, მედიკოსები სახელდახელო პალატებს ღია ცის ქვეშ აწყობენ.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მაროკოში ადგილობრივი დროით გუშინ, 23:00 საათზე მოხდა. ეპიცენტრი ქალაქ მარაკეშიდან 70 კილომეტრით იყო დაშორებული და 20 წამის განმავლობაში გაგრძელდა.
მიწისძვრის შედეგად მნიშვნელოვნად დაზარალდა ქვეყნის დედაქალაქი. დანგრეულია ასობით შენობა, ბზარები გაუჩნდა მარაკეშის ისტორიულ კედელსაც.