logo
ENG



მარტვილში გარდაცვლილი ქალი მშობლებს არ გაატანეს - საქმეში ქმარს პოლიცია ეხმარებოდა

18 ივლ 202020:43
3 წუთის საკითხავი
 

მარტვილში 26 წლის ქალი ბოსელში ჩამომხრჩვალი მისმა მცირეწლოვანმა შვილმა იპოვა. გამოძიება თვითმკლვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო - თუმცა, გარდაცვლილის მშობლები ამბობენ, რომ ქალს თავი არ მოუკლავს და ის თოკზე ძალით ჩამოკიდეს.

ოჯახი ირწმუნება, რომ 26 წლის ქალს კონფლიქტი მულთან და დედამთილთან ჰქონდა. არსებობს რამდენიმე საეჭვო გარემოება - ქალი გარდაცვლილი საღამოს რვა საათზე ნახეს, მშობლებს ამის შესახებ კი 5 საათის შემდეგ შეატყობინეს. გარდაცვლილის მამას ცხედარი არ აჩვენეს და მან დაკრძალვის მომენტში შვილი მხოლოდ რამდენიმე წამით დაინახა და მოახერხა შეემჩნია დაზიანებები ყელზე, მაჯებზე და შუბლზე.

საქმეში ფიქსირდება კიდევ ერთი დეტალი, კერძოდ ცხედარი მშობლებს არ გაატანეს და ამაში გარდაცვლილი ქალის ქმრის ოჯახს, მარტვილის პოლიციის თითქმის სრული შემადგენლობა ეხმარებოდა. დაკრძალვის დღეს სამძიმარზე მისულ ადამიანებზე მეტი ეზოში პოლიცია იდგა.

დანიშნულია რამდენიმე სახის ექსპერტიზა, რომელმაც უახლოეს დღეებში უნდა თქვას, გარდაცვალების მიზეზი იყო თუ არა ასფიქსია და ქალს ხომ არ აღენიშნება რაიმე სახის ძალადობის კვალი. გარდაცვლილის 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ახალგაზრდა ქალი, რომელიც 11 ივლისს მცირეწლოვანმა შვილმა საქონლის სადგომში გარადცვლილი იპოვნა, ხუთშაბათს მარტვილის რაიონის სოფელ გურძემში დაკრძალეს. დაკრძალვაზე დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, ქმრის სახლს 50- მდე პოლიციელი იცავდა.

სამართალდამცავები არ საუბრობენ, რა გახდა ქალის გარდაცვალების მიზეზი.  შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ ბრალდებებს არ პასუხობენ, მხოლოდ იმას ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ექპერტიზის პასუხი რამდენიმე დღეში უნდა გახდეს ცნობილი, სპეციალისტებმა უნდა დაადგინონ, რა გახდა  მარიამ ნადარეიშვილის სიკვდილის მიზეზი.


close დახურვა