logo
ENG



მას თბილისში შეეძლო წასვლა, სადაც მამიდამისი ცხოვრობს - დაკარგული მოზარდის დედა

26 ივლ 202020:44
3 წუთის საკითხავი
 

სვანეთში დაკარგული 13 წლის მოზარდის დედა ქსენია ფილფანი არ გამორიცხავს, რომ მისი შვილი თბილისში იყოს. 

როგორც ფილფანმა "დროებასთან" ინტერვიუში განაცხადა, თბილისში მოზარდის მამიდა ცხოვრობს, რომელსაც ისინი ხშირად სტუმრობდნენ. 

"თუ განვიხილავთ გაქცევის ვერსიას, როგორც დედამ, არ ვიცი, სად უნდა წასულიყო. მესმის, რომ უზარმაზარი მანძილებია, მაგრამ ერთადერთი, სადაც  შეეძლო წასვლა, არის თბილისი, რადგან ძალიან კარგად იცნობს აქაურობას, ბევრ დროს ვატარებდით, ბევრს ვსეირნობდით. თბილისში მისი მამიდა ცხოვრობს, სადაც ხშირად ვჩერდებოდით. მან იცის, სად არის ბინა და შეუძლია თავად მიაგნოს. არ მჯერა, რომ შეიძლება ბათუმში ან ქობულეთში იყოს, თუმცა შესაძლოა ვცდები", - განაცხადა თბილისში გუშინ ჩამოსულმა ქსენია ფილფანმა

ფილფანის თქმით, მოზარდი დიდი ხნის განმავლობაში მამასთან და ბებიასთან ერთად ცხოვრობდა. დედა ამბობს, რომ ბავშვს სამეზობლოში მეგობრები არ ჰყავს, რადგან არ იცის ქართული. 

"მრავალი ვერსია ისმის. არ ვიცი, რომელია სწორი. არის ვერსია, რომ ის სახლიდან გაიქცა. ამას მეც ვუშვებ, რადგან ყველაფერია შესაძლებელი. ზუსტად არ ვიცით, რა მოხდა და ყველაფერია შესაძლებელი. ის მარტო დარჩა მამასთან და ბებოსთან ერთად დიდი ხნით. მას არ ჰყავს მეგობრები სამეზობლოში, რადგან ქართული არ იცის. ერთადერთი მეგობარი არის მამიდაშვილი, რომელიც არდადეგებზე თბილისიდან ჩამოვიდა. ვუყიდეთ ველოსიპედი და თითქოს უკეთ იყო, ვიდრე ზამთარში", - აღნიშნა სვანეთში გაუჩინარებული ბავშვის დედამ.

13 წლის ილია ფილფანი სახლიდან 18 ივლისს, ველოსიპედით გავიდა და მას შემდეგ უკან აღარ დაბრუნებულა. მას უკვე მე-9 დღეა ეძებენ. მოზარდის სამძებრო სამუშაოებში 80-მდე მაშველი და დრონია ჩართული. 

მას, სვანეთის გარდა, ანაკლიაში, ბათუმსა და ურეკშიც ეძებენ.   


close დახურვა