logo
ENG



მაქარაშვილი: ივანიშვილს სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირება სურს

03 დეკ 201907:21
3 წუთის საკითხავი
 
ieilz22aej1wwn8.jpg

აქციამ „ქართული ოცნების" ოფისთან ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე ჩაიარა. მცხეთაში განვითარებული მოვლენების გასაპროტესტებლად მისულ სამოქალაქო, მშვიდობიან აქტივისტებს, „ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წევრები თავს დაესხნენ.  ახალი ძალადობრივი ტალღა მშვიდობიან აქტივისტებზე მას შემდეგ წამოვიდა, რაც ორბელიანის მოედნიდან, „ოცნების" მიერ თითქოს კონცერტისთვის ჩამოყვანილი აქტივისტების ნაწილმა, მმართველი პარტიის ოფისთან გადაინაცვლა. პარტიული აქტივისტები „სირცხვილიასა" და „შეცვალეს" წევრებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

როგორც მოძრაობა „ქვეყნის სამსახურიას“ წევრმა გიგა მაქარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა აქციის დარბევის ბრძანება გასცა, ოღონდ არა პოლიციელების ხელით.

„მოდიოდნენ სხვადასხვა მხრიდან შეტევაზე. რამდენიმე ადამიანი გადაყვანილია საავადმყოფოში. არც ერთ მოძალადე დაუკავებიათ, არც ისინი ვინც პოლიციელებზე ძალადობდა, მერე პოლიცია იძახდა არ მტკენია და საჩივარი არ მაქვსო. ეს ნიშნავს, რომ ივანიშვილმა გასცა დარბევის ბრძანება, ოღონდ არა პოლიციელების, არამედ დაქირავებული ადამიანების ხელით. ეს ნიშნავს, რომ ივანიშივლი ცდილობს სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირებას, რაც არ გმაოუვა, რადგან პროპორციული არჩევნები უნდა მთელ საზოგადოებას“, - განაცხადა მაქარაშვილმა.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. მიუხედავად აგრესიისა და ფიზიკური შეურაცხყოფისა, აღსანიშნავია, რომ უწყებას "ქართული ოცნების" აქტივისტებიდან არავინ არ დაუკავებია.

 


close დახურვა