სუფთა სახლის ინფორმაციით, მათთან შრომის ინსპექციის თანამშრომლები იმყოფებოდნენ, რომლებმაც უთხრეს, რომ "სხვა სახის" პროდუქცია, მაგალითად საახალწლო სათამაშოები, დისტანციურად გაყიდონ.
როგორც ფორმულას სუფთა სახლში განუცხადეს, ამის შემდეგ გადაწყვიტეს, პროდუქციის გაყიდვა შეეჩერებინათ და ამ დრომდე მთავრობისგან საბოლოო პასუხს ელოდებიან.
შრომის ინსპექციის თანამშრომლები იმყოფებოდნენ ფრესკოშიც. მათი თქმით, თანამშრომლებმა გააფრთხილეს, რომ არასასურსათო პროდუქციის გაყიდვა შეეჩერებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში დააჯარიმებდნენ.
მთავრობის ადმინისტრაციაში ფორმულას უთხრეს, რომ საკოორდინაციო საბჭოს მსგავსი სახის აკრძალვა არ მიუღია და მაღაზიებს, რომლებსაც მუშაობის უფლება აქვთ, შეუძლიათ გაყიდონ იქ არსებული ნებისმიერი პროდუქცია.
ფორმულა სხვა დიდ ჰიპერმარკეტებსაც დაუკავშირდა და მათ კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
მთავრობის N699 დადგენილების თანახმად, ნებისმიერი საქონლის/პროდუქტის როგორც საცალო, ისე საბითუმო რეალიზება ხორციელდება დისტანციურად, მომხმარებლის სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის გარეშე.