logo
ENG



მაღაროელებმა თბილისსა და ჭიათურაში პროტესტი შეწყვიტეს

24 ივნ 202318:57
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/24/d1uqnb8lxdtt9sm.jpg
ვახო ქარელი/ფორმულა

მაღაროელებმა თბილისსა და ჭიათურაში პროტესტი შეწყვიტეს. მათი ცნობით, ჯორჯიან მანგანეზი პირველი ივლისიდან მუშაობას გააგრძელებს.

ინფორმაცია ფორმულას  ერთ-ერთმა მაღაროელმა ტარიელ მიქაცაძემ დაუდასტურა. მისი თქმით, ჯორჯიან მანგანეზთან ხელფასის 11.9%-იან მატებაზე შეთანხმდნენ და ასევე კომპანიისგან მიიღეს პირობა, რომ მოთხოვნების 14 პუნქტს შეასრულებენ.

მიქაცაძის ცნობით, პარლამენტთან გაშლილი კარვები მაღაროელებმა უკვე აიღეს.

ფეისბუქ გვერდზე მაღაროელი გამოქვეყნებულ ვიდეოში ტარიელ მიქაცაძე აცხადებს, რომ კომპანიასთან მოლაპარაკებების შემდეგ ფინანსურ საკითხებზე გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიეს.

მისი თქმით, ზოგიერთი საკითხი მყისიერად გადაიჭრები, ნაწილი კი დროშია გაწერილი.

"ორდღიანი თათბირის და სჯა-ბაასის შემდეგ გადაწყდა, რომ ჯორჯიან მანგანეზი პირველი ივლისიდან განაახლებს მუშაობას. გარკვეული შეთანხმებები შედგა, კონკრეტულად ფინანსურ საკითხთან დაკავშირებით. არის საკითხები, რომლებიც მყისიერად იქნება გადაწყვეტილი, არის საკითხები რომლებიც დროში იქნება გაწელილი. ანგარიშვალდებულად მივიჩნევთ თავს, რომ ეს ყველაფერი თქვენ გაგაცნოთ" - განაცხადა მიქაცაძემ.

მაღაროელების ცნობით, დაანონსებული აქცია, რომელიც კვირას 7 საათზე პარლამენტთან უნდა გამართულიყო, გაუქმდა.

მაღაროელები მადლობას უხდიან აქტივისტებს, ვინც პროტესტის პერიოდში მათ მხარს უჭერდა. 

მაღაროელები 18 დღეის განმავლობაში გაფიცულები იყვნენ. მათი ნაწილი 12 დღე შიმშილობდა.

გაფიცული მაღაროელების ნაწილი ჭიათურიდან თბილისში 19 ივნისს ჩამოვიდა - ისინი პარლამენტის შენობასთან აქციებს მართავდნენ და ღამეს ათევდნენ. აქციაზე გაფიცულებს მოქალაქეებიც შეუერთდნენ და სოლიდარობა გამოხატეს.

18 ივნისს ერთ-ერთმა მაღაროელმა, გიორგი კუპატაძემ თვალები ამოიკერა, მეორე მაღაროელმა კი ვენები გადაიჭრა. მანამდე კიდევ ერთმა თანამშრომელმა პირი ამოიკერა

მაღაროელები ღირსეულ ანაზღაურებას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვას ითხოვდნენ. ამ დრომდე ყველა მაღარო გაჩერებული და პარალიზებული იყო. 

15 ივნისს კომპანია ჯორჯიან მანგანეზსა და გაფიცულ თანამშრომლებს შორის, მედიატორის მონაწილეობით მოლაპარაკების მორიგი შეხვედრა გაიმართა. კომპანიამ თანამშრომლებს პროტესტის შეწყვეტა, მუშაობის განახლება და მუშაობის შედეგად ეკონომიკური ეფექტიანობის მიხედვით ბონუსების განსაზღვრა შესთავაზა. ამავე განცხადების მიხედვით გაირკვა, რომ გაფიცულ თანამშრომლებთან ყველა პუნქტზე შეჯერდნენ, გარდა ხელფასის მატების და ძველ სამუშაო გრაფიკზე დაბრუნებისა.


close დახურვა