საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა ლაგოდეხის ნაკრძალიდან ოთხი ტურისტი ვერტმფრენის საშუალებით თბილისში გადმოიყვანეს.
ვიზიტორები ნაკრძალში შეუძლოდ გახდნენ და 112-ში დახმარების სათხოვნელად დარეკეს. მეხანძრე-მაშველებმა შეუძლოდ მყოფი საფრანგეთის 3 და საქართველოს ერთი მოქალაქე გადმოიყვანეს.
„შემოვიდა ინფორმაცია, რომ ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე ზღვის დონიდან 2500 მეტრ სიმაღლეზე მდებარე ტურისტულ თავშესაფარში იმყოფებოდა 4 მოქალაქე, რომლებიც იყვნენ შეუძლოდ და ესაჭიროებოდა მაშველების დახმარება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მიღებულ შეტყობინებაზე რეაგირება სწრაფად მოახდინა. მოქალაქეების დასახმარებლად სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლები შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის საშუალებით გავიდნენ", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.