მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატის მტკიცებით, საქმეში არ დევს მნიშვნელოვანი მტკიცებულებები სპეცრაზმელების ჩვენებების სახით.
„გომელაური უთითებს, რომ სპეცოპერაცია დაიგეგმა მისი უშუალო მონაწილეობით, რაც თავისთავად არ გამორიცხავს მის ბრალეულობას. გომელაური ჩვენებაში ამბობს, რომ პროპორციული ძალა იყო გამოყენებული, თუმცა რა კრიტერიუმებით შეფასდა ძალის პროპორციულობა, ამას გომელაური არ ეხება, რაც, ცხადია, პრობლემურია", - ამბობს მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატი.
თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკითხულმა ვახტანგ გომელაურმა დღეს ამ თემაზე პირველი კომენტარი გააკეთა. შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ სპეცოპერაციის დროს სპეციალური დანიშნულების რაზმის თითოეული წევრი ინდივიდუალურად იღებს გადაწყვეტილებას.
„ოპერაციის მიმდინარეობისას უფროსს არ ეკითხები, ვისროლო თუ არაო. იქ თვითონ ყველა ინდივიდუალურად იღებს გადაწყვეტილებას“ - აცხადებს მოქმედი შსს მინისტრი.
როგორც თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახში ამბობენ, ვახტანგ გომელაურის ჩვენებაში არ დევს მტკიცებულებები, თუ რა ვითარება უსწრებდა წინ სამართალდმცვათა მიერ ძალის გამოყენებას.
„18 წლის ერთადერთი შვილი მოუკლეს მშობლებს და პატაკიც კი არ აქვთ შედგენილი. ამით ხომ ყველაფერი გასაგებია“ - ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი.
გენერალურ პროკურატურაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური, მისი ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი და სუს-ის ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი, ირაკლი ჩიმაკაძე რამდენიმე თვის წინ დაიკითხნენ პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით.