საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ მმართველი გუნდის მხრიდან მაქსიმალური კომპრომისი იქნება მართლმსაჯულების საკითხი, საკონსტიტუციო და საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები.
მაჭარაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ მმართველი გუნდის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს კრისტიან დანიელსონი და ევროკავშირი დაინახავენ.
"ის მოთხოვნები, რაც ოპოზიციას ჰქონდა, ეს შეეხება მართლმსაჯულების რეფორმას, ეს შეეხება საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებებს და ნებისმიერ სხვა რეფორმებს, ბუნებრივია, ჩვენ არა მხოლოდ მზად ვართ, არამედ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირების სახით, მართლმსაჯულებაში ინიცირების სახით, საარჩევნო კოდექსში ცვლილებების სახით. ეს არის ჩვენი მხრიდან მაქსიმალური კომპრომისი, რაც შეიძლება, გაკეთდეს", - განაცხადა მაჭარაშვილი.
შარლ მიშელის წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში უკვე მეორედ ჩამოვიდა.
დანიელსონი ქართველ პოლიტიკურ აქტორებთან მედიაციის მიზნით შეხვედრებს დღეიდან, 29 მარტიდან იწყებს.
დანიელსონის თავდაპირველი ვიზიტი 12-დან 19 მარტამდე გრძელდებოდა, თუმცა მისი შუამავლობით გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა.
ევროპულ საბჭოში საქართველოში ჩატარებული მისიის შესახებ ანგარიშის მოსმენის შემდეგ შარლ მიშელმა განაცხადა, რომ "მიღწეული პროგრესის" მიუხედავად, მისი წარმომადგენელი საქართველოში კვლავ დაბრუნდებოდა.
ამ ეტაპზე ოპოზიციური პარტიები მოლაპარაკებების შესახებ აცხადებენ, რომ მათი მხრიდან კომპრომისი ვადამდელ არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი - მათი თქმით, მმართველი პარტია ამ ორი საკვანძო საკითხის მიმართულებით რეალურ ნაბიჯებს ამ დრომდე არ დგამს.
- რა პოზიციებით შედიან პარტიები განახლებულ მოლაპარაკებებში, ნახეთ აქ.
ხელისუფლების წარმომადგენლები კი დანიელსონის ვიზიტის შემდგომაც აცხადებენ, რომ მათი მხრიდან ვადამდელი არჩევნების საკითხზე კომპრომისს არ უნდა ველოდოთ.