საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს მიმართა და სხდომაში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდა.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ დეპუტატების დაახლოებით 1 საათი აქვთ იმისა, რომ გადაწყვეტილება შეცვალონ და კენჭისყრაზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ.
„ბოლო დღეებში იმ მთავარ საკითხზე, რომელიც არის ვნებათაღელვის საგანი და რომელზეც ვკონცენტრირდებით ბოლო სამი კვირის განმავლობაში, ბევრი განცხადება ვნახეთ, მათ შორის პირველ ადგილზე შეიძლება იყოს ერთ-ერთი პოლიტიკური ძალის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ გადავარჩინეთ საკონსტიტუციო ცვლილებები მაშინ, როდესაც მაგალითად იმ დღეს ვნახეთ, რომ 116 ხმა ჰქონდა. თუმცა, ეს დღეს მეორეხარისხოვანია. დღესაც კონცენტრირება მთავარ საკითხზე, რომელსაც ჰქვია საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღება არის იმდენად პრიორიტეტული, რომ ყველა დანარჩენი საკითხი შეიძლება მეორეხარისხოვნადაც კი მივიჩნიოთ. დღეს უმრავლესობის წარმომადგენლები უარს ვამბობთ პოლიტიკური განცხადებების გაკეთებაზე. მხოლოდ ერთ მოწოდებას შევუერთდებით - კიდევ აქვთ ჩვენი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს დაახლოებით 1 საათი, რომ შეცვალონ გადაწყვეტილება და მხარი დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებებს. ეს იქნება კიდევ ერთი ფართო კონსენსუსი, თუმცა ამის გარეშეც, საკონსტიტუციო ცვლილებებს აქვს მაქსიმალური მხარდაჭერა. დარწმუნებული ვარ არანაირი პრობლემა არ შეიქმნება, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, 1 საათის განმავლობაში რადიკალურ ოპოზიციას შეუძლია მოიფიქროს და შეუერთდეს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც არის ქართველი ხალხის დაკვეთა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.