logo
ENG



მდინარაძე: დიახ, განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს ივანიშვილის და მისი ოჯახის მიმართ

12 ივლ 202217:11
3 წუთის საკითხავი
 
მდინარაძე: დიახ, განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს ივანიშვილის და მისი ოჯახის მიმართ

ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძეც წერილობით ექომაგება.

მდინარაძე წერს:

"დიახ, განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის მიმართ. გასაკვირი ის იქნებოდა, სხვანაირად რომ ყოფილიყო.

დამოკიდებულებასაც თავი რომ დავანებოთ, უპრეცედენტო საინფორმაციო ომში, რომელიც ცალკე ივანიშვილის და ცალკე საქართველოს წინააღმდეგ მომდინარეობს, სიმართლის გამარჯვებას უდიდესი პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რადგან, გამორიცხული და შეუძლებელია დავუშვათ ფილანთროპი - მიზანთროპად და ოლიგარქად, სიკეთე - ბოროტებად, დემოკრატია - ავტორიტარიზმად, პერსპექტივა - უიმედობად, წარმატებული ქართული სახელმწიფო - მაჩანჩალად, ძლიერი ქართული და ამაყი ჯარი - მკვდარზე აკიდებულ მკვდრად და ბევრი რომ არ გავაგრძელო, თეთრი შავად შეასაღონ ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებას.

თეორიულად რომ დავუშვათ - ეს თუ გაიტანეს, როგორღა უნდა დავიცვათ სიმართლე სხვა მიმდინარე, ყოველდღიურ თემებში?! არ შეიძლება ქართველ ხალხზე გქონდეს წარმოდგენა, რომ მას არ შეუძლია გაარჩიოს ეს ყველაფერი ერთმანეთისგან, ან არ დააფასოს დასაფასებელი და ასე მარტივად გახდეს ყოვლად ამორალური ფეიკპროპაგანდის მსხვერპლი!

საბედნიეროდ, ყველა ჯერზე, ქართული საზოგადოება ამტკიცებს, რომ ის დგას იქ, სადაც სიმართლე, სიკეთე, საკუთარ სამშობლოზე ზრუნვა, რწმენა და ამ ქვეყნის ღირსეული, თავისუფალი, სამართლიანი და ევროპული მომავალია!"

დღეს, 12 ივლისს ირაკლი ღარიბაშვილი დასავლეთის და საზოგადოების მხრიდან დეოლიგარქიზაციის მოთხოვნას ვრცელი წერილით გამოეხმაურა, გამოექომაგა ბიძინა ივანიშვილს და კვლავ მიაყენა შეურაცხყოფა საქართველოს დასავლელ პარტნიორებს. 


close დახურვა