"საქართველოს პარლამენტმა აიღო პასუხისმგებლობა იმაზე, რომ უზენაესი სასამართლო არ გაჩერდეს და უზრუნველყოს სწრაფი მართლმსაჯულება", - ასე აფასებს მმართველი გუნდი მოსამართლეთა დანიშვნის პროცესს. როგორც უმრავლესობაში ამბობენ, ეს იყო სწორი გადაწყვეტილება, რასაც ოპოზიცია გამიზნულად ეწინააღმდეგებოდა.
"ნაციონალური მოძრაობის და მისი სატელიტების, ასევე გარკვეული ოპოზიციის დესტურქციის ფონზე საქართველოს პარლამენტმა აიღო პასუხისმგებლობა იმაზე, რომ უზენაესი სასამართლო არ გაჩერდეს და უზრუნველყოს სწრაფი მართლმსაჯულება. ჩვენ მოგვიწოდებდნენ, რომ მოსამართლეთა სია ჩავარდნილიყო, რაც პირდაპირ თარგმანში ნიშნავს სასამართლოს გაჩერებას, რისთვისაც იღწვოდნენ ჩვენი ოპონენტები",-აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
გია ვოლსკის თქმით კი ერთადერთი ვისაც უვადოდ დანიშნული მოსამართლეების ხილვა სასამართლოში არ სურს, ეს "ნაციონალური მოძრაობაა", რასაც კონკრეტული მიზეზი აქვს.
"მნიშვნელოვანია სიღრმისეულად გაანალიზდეს სიტუაცია, როდის დაუპირისპირდა ნაც.სექტა იმ ადამიანებს, რომელსაც ყოველთვის მხარს უჭერდა. მას მერე როცა კუბლაშვილმა ვერ მოახერხა, სასამართლო მათ ჭკუაზე დაეყენებინა, ვერ მოახერხა აეცილებინა თავიდან გადაწყვეტილებები, ნაც. მოძრაობის ლიდერის გასამართლებასთან დაკავშირებით და ვერ მოახერხა სასამართლოს გადატრიალება. ამის შემდეგ უკვე 2014-2015 წლების შემდეგ ნაც. მოძრაობა დაუპირისპირდა იმ სასამართლოს, რომელსაც საერთაშორისო რეიტინგებში საკმაოდ მოწინავე ადგილი უკავია ჩვენი ხელისუფლების პირობებში",-აღნიშნა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, "ქართულმა ოცნებამ" უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ 14 მოსამართლე აირჩია, 5 მოსამართლეს კი მხარი არ დაუჭირა.