პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კენჭისყრა პარლამენტში გადაიდო და ხვალისთვის ჩაინიშნა. ამ წუთებში დეპუტატები კომენტარს მედიასთან აკეთებენ. მათ შორისაა უმრავლესობის სპიკერი მამუკა მდინარაძე, რომელმაც ჟურნალისტის კითხვაზე, სჯერა თუ არა, რომ მაჟორიტარ დეპუტატებს გადაწყვეტილებას შეაცვლევინებენ,აღნიშნა, რომ სხვა გზა არაა.
"არ შეიძლება არ მჯეროდეს. ყველამ უნდა მოვიკრიბოთ ძალა და ძალისხმევა, რათა დავარწმუნოთ ჩვენი დეპუტატები და მეგობრები, რომ მხარი დაუჭირონ პროპორციულ სისტემას მიუხედავად მათი არგუმენტებისა. ოპოზიციის ბრალდებები, თითქოს მათ მერკანტილური ინტერესები აქვთ და მსგავსი შეურაცხყოფა კი არ უნდა მივაყენოთ ამ ადამიანებს, არამედ რაციონალური არგუმენტებით უნდა დავარწმუნოთ რომ პროპორციული სისტემა უკეთესია,"- აღნიშნა მდინარაძემ
ჟურნალისტის კითხვაზე, რაზე იყო ტრიბუნასთან საუბარი უმრავლესობასა და უმცირესობას შორის, როგორც მდინარაძემ განმარტა, მათ ოპოზიციას იმ დეპუტატების სია გააცნეს, ვინც სავარაუდოდ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერდა.
"ტრიბუნასთან იყო საუბარი რისკებზე. როცა დეპუტატების ოთხში დავინახეთ, რომ შეიძლება ზოგიერთმა მათგანმა მხარი არ დაუჭიროს კანონპროექტს, ეს რისკები გავაცანით ოპოზიციასაც. სახელები და გვარები იციან უკვე მათ და დაგვეთანხმნენ რომ გადადებულიყო კენჭისყრა,"- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.