საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე წევრი ერთხმად აცხადებს, რომ ერთ-ერთი პირი, რომელმაც სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერება დაასხა, სავარაუდოდ "ევროპული საქართველოს" წევრი ირმა ნადირაშვილია. მმართველი გუნდის წევრების ნაწილი ამტკიცებს, რომ მათ დაინახეს, როგორც დაასხა რაღაც ნადირაშვილმა, ნაწილი კი ამბობს, რომ დარბაზში ნადირაშვილის შემოსვლა სუნის გავრცელებას დაემთხვა. მოგვიანებით აღნიშნული ფაქტი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ შეაფასა. მან აღნიშნა, რომ თუ დადგინდა, რომ ირმა ინაშვილი მაგ დროს პარლამენტში არ იყო, ის მზად არის მას პირადად მოუბოდიშოს. მდინარაძემ შექმნილ ვითარებაში ისევ "ნაციონალური მოძრაობა" დაადანაშაულა.
"დეპუტატებს არ ამოწმებენ, მათ შეეძლოთ თავისუფლად შემოეტანათ ეს ნივთიერება. რომელიმე ქალბატონს ნივთიერება ჩანთაში რომ ჰქონოდა, მას ვერავინ ვერ შეუმოწმებდა. ეს მარტივი შესამოწმებელია. ირმა ნადირაშვილი თუ პარტიის ოფისშია და პარლამენტში არ ყოფილა, მე პირადად ვეახლები და ძალიან დიდ ბოდიშს მოვუხდი. ვნახოთ რა დადგინდება. თქვენმა პარტიამ ჩაიდინა უმსგავსო საქციელი [მიმართა ჟურნალიტს]. გამოიყვანეს ქალები, რაღაც დაადგმევინეს და შეეცადნენ დესტრუქციის შემოტანას“, - განაცხადა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ პლენარულ სხდომაზე ცოტა ხნის წინ ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. ამის მიზეზი გახდა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელმაც აღნიშნა, რომ ორმა პირმა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერება დაასხა. მოგვიანებით პარლამენტის თავმჯდომარემ შესვენება გამოაცხადა.