logo
ENG



მდინარაძე საარჩევნო სისტემაზე: პირობა გვაქვს ნათქვამი და უნდა შევასრულოთ

12 ნოე 201921:25
3 წუთის საკითხავი
 
v3qe9zvbe2eoowo.png

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ „ოცნებაში“ შიდა პარტიული დემოკრატიაა და არავინ არაფერს აიძულებს.

როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მმართველმა გუნდმა პირობა უნდა შეასრულოს და საარჩევნო სისტემის ცვლილებას საფრთხე არ უნდა დაემუქროს.

„ერთადერთი, რასაც დღეს არ ველოდებოდი იყო სიმძაფრე. მე ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილება არ უნდა შეიცვალოს. სამწუხაროა, ჩვენი რამდენიმე კოლეგის განცხადება, რომ ისინი მანდატს დატოვებენ თუ რამეს აიძულებენ. არავინ არავის არაფერს აიძულებს. ეს დემოკრატიის პირობაა. არა მხოლოდ ქვეყანაში, არამედ შიდა პარტიული დემოკრატიაც გვაქვს და არავის ხელების ამოგრეხვას არ ვაპირებთ, მით უმეტეს ჩვენი რამდენიმე კოლეგის, რომელთაც სულ გააჩნდათ ამ თემაზე საპირისპირო აზრი. მათ მოიტანეს არგუმენტები და თქვეს, რომ გარკვეული პროვოცირება მოახდინა ბოლოდროინდელმა მოვლენებმა. კერძოდ, ხალხი, რომელიც ცდილობს პატრიარქის მორალურ მკვლელობას, მათთან კომპრომისზე რატომ მივდივართო. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის კომპრომისზე წასვლა და მაინცდამაინც „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ჩვენ გვაქვს ნათქვამი და პირობა უნდა შევასრულოთ და ხვალ კენჭისყრას საფრთხე არ უნდა დაემუქროს,“ - განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი კანონპროექტი 2020 წელს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასა და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს. საკონსტიტუციო ცვლილებას 113 დეპუტატის ხმა სჭირდება. მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილმა განაცხადა, რომ ისინი არ აპირებენ კანონპროექტს მხარი დაუჭირონ. თუ მაჟორიტარების მუქარა შესრულდება და 40 დეპუტატი ცვლილებებს გაემიჯნება, კანონპროექტი ჩავარდება.

 


close დახურვა