logo
ENG



მდინარაძის მტკიცებით, გამორიცხულია ივანიშვილმა პრეზიდენტის ან სხვა თანამდებობა დაიკავოს

11 სექ 202417:06
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ირწმუნება, რომ ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო სიის პირველ ნომრად დასახელების ერთადერთი მიზეზი - 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაა.

მდინარაძის მტკიცებით, "აბსოლუტურად გამორიცხულია" რომ ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტის ან სხვა თანამდებობა დაიკავოს, რადგან მისივე მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილს თანამდებობა "არ აინტერესებს", რაც "თავის დროზე პოლიტიკიდან გასვლით დაამტკიცა".

მდინარაძის თქმით, სიის პირველ ნომრად ბიძინა ივანიშვილის ყოფნამ "უნდა გადაწყვიტოს საკონსტიტუციო უმრავლესობის ბედი".

"აბსოლუტურად შემიძლია გამოვრიცხო, რომ პრეზიდენტი იყოს [ბიძინა ივანიშვილი] ან ასე შემდეგ. კაცი, რომელიც შემოვიდა პოლიტიკაში, თქვა გარკვეული თარიღი, დრო და გავიდა პოლიტიკიდან თავის დროზე და მერე მობრუნება მოუწია. რა თანამდებობა და რა ბიძინა ივანიშვილი, რაში აინტერესებს საერთოდ.

ერთადერთი მიზეზი, ეს დაიმახსოვრეთ, არ აინტერესებს აბსოლუტურად არანაირი თანამდებობა, დაამტკიცა თავისი მოქმედებით თავის დროზე ამ კაცმა, თავის სამშობლო აინტერესებს ამ კაცს და სიის პირველი ნომერია ერთი ყველაზე მთავარი მიზეზით - მნიშვნელობა ამ არჩევნებს. ამ არჩევნების მნიშვნელობა არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ბიძინა ივანიშვილმა და გუნდმა გადაწყვიტა, რომ ის იყოს სიის პირველი ნომერი, ამაში არის რეალობაც, პრაქტიკულობაც, საარჩევნო მიზნებიც, მნიშვნელობის მინიჭების მიზნებიც, გარკვეული სიმბოლიზმიც, ხაზგასმაც, ყველაფერი ამაშია. ეს არჩევნები არის იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, რომ სიის პირველი ნომერი იყოს, ეს იყო ჩვენი თხოვნაც, მათ შორის, რომ ხაზი გაესვას ამ ყველაფერს, მნიშვნელობას ამ არჩევნებისას და იმის მნიშვნელობას, რომ არაჩვეულებრივი უმრავლესობით, საერთოდ რომ ქუდი დავიხუროთ ახლა და სახლში დავსხდეთ, საკონსტიტუციო უმრავლესობას ვერ მოვიპოვებთ დღეს, პირდაპირ გეუბნებით, მაგრამ ჩვეულებრივი უმრავლესობის მოპოვება პრობლემა არ არის, მაგრამ ქვეყნის გადარჩენის ინტერესი ემთხვევა საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების ინტერესს, აქ უფრო მეტი და მყარი გარანტიაა.

 

ბიძინა ივანიშვილის ფაქტორმა, როგორც ბევრი რამე ამ ქვეყნისთვის პოზიტიურად და დადებითად გადაწყვიტა, ასევე გვინდა რომ გადაწყვიტოს, ეს ჩვენი საარჩევნო სურვილია, დიახ, ამიტომ არის სიის პირველი ნომერი, მათ შორის, რომ ასევე გადაწყვიტოს საკონსტიტუციო უმრავლესობის ბედი, რომ ჩვენ მყარი გარანტია ავიღოთ ამ ქვეყანაში მშვიდობის, ღირსების, კეთილდღეობის და მხოლოდ ამ გზით ევროკავშირის წევრობის", - ამბობს მდინარაძე.

ქართულმა ოცნებამ გუშინ, 10 სექტემბერს საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა, რომლის სათავეშიც ბიძინა ივანიშვილია. 

ქართულ ოცნებას უკვე 3 საპარლამენტო არჩევნებში აქვს მონაწილეობა მიღებული, თუმცა პარტიის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე საპარლამენტო სიაში აქამდე არ ყოფილა წარმოდგენილი.

 

ვინ არიან ოცნების საარჩევნო სიის პირველ ოცეულში - ვრცლად


close დახურვა