logo
ENG



მედვედევი: აფხაზეთი და ოსეთი ჩვენთვის დამოუკიდებლები არიან, ოცნებამ ეს კარგად იცის

08 აგვ 202218:49
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/08/m7sr7q8y4rr49ev.jpg

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ 2008 წელს მიღებული გადაწყვეტილება - რუსეთის საქართველოში შეჭრა - სწორი იყო და ამ გადაწყვეტილებას არ შეცვლიდა.

პროპაგანდისტულ სააგენტო Tass-სთან ინტერვიუში მედვედევმა კრემლის რიტორიკა გააგრძელა და თქვა, რომ ომი საქართველომ დაიწყო და "მშვიდობიან მოსახლეობას, მათ შორის რუს სამშვიდობოებს ცეცხლი გაუხსნა, რის გამოც, მოსკოვი იძულებული იყო ეპასუხა". მედვედევი ამბობს, რომ ამერიკა რუსეთს ებრძოდა მაშინ საქართველოს ხელით და ახლა იმავეს აკეთებს უკრაინაში. მისივე თქმით, ყველა კონფლიქტის მიზანი რუსეთის განადგურებაა.

ამასთან, მედვედევი ფიქრობს, რომ საქართველო და უკრაინა არასდროს გახდებიან ნატოს წევრი ქვეყნები. გარდა ამისა, რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოები არიან, საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას კი ეს კარგად ესმის.

კითხვას: არსებობს თუ იმის საფრთხე რომ საქართველომ ოდესმე სცადოს აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნება, მედვედევმა ასე უპასუხა:

"ეს შეუძლებელია. ჩვენთვის დღეს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოები არიან, რომლებთანაც მეგობრული ურთიერთობები გაგვაჩნია, ასევე იქ განლაგებულია ჩვენი სამხედრო ბაზები. ეს კარგად იცის საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ. ისინი კიდევ ერთხელ აღარ გამოცდიან ბედს და არ ჩაერთვებიან ისეთ სახელმწიფოსთან დაპირისპირებაში, როგორიც რუსეთია", - განაცხადა მედვედევმა.

5-დღიანი ომი საქართველოს წინააღმდეგ რუსეთმა 2008 წლის 7 აგვისტოს დაიწყო. თუმცა, სამხედრო ესკალაცია იმავე წლის აპრილიდან დაიწყო და მას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. ერთ-ერთი NATO-ს ბუქარესტის სამიტი იყო, სადაც ითქვა, რომ საქართველო აუცილებლად გახდებოდა ნატოს წევრი. რუსეთმა მაშინ განაცხადა, რომ გააკეთებდა "ყველაფერს, რათა არ დაეშვა უკრაინის და საქართველოს ნატოში გაწევრიანება". 


close დახურვა